სოლანა: კოსოვო შესაძლოა პრეცედენტი გახდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Oct.'06 / 09:38

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ 4 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს განუცხადა, რომ კოსოვომ შესაძლოა პრეცედენტი შექმნას და უარყოფითი შედეგი მოუტანოს საქართველოს, იტყობინება რადიო "თავისუფლება“.

"ჩვენ ხაფანგში ვექცევით... პრეზიდენტი სააკაშვილი ხაფანგშია მოქცეული; ყველა ჩვენგანი ორმაგი მექანიზმის მსხვერპლი ვხვდებით, რომელმაც შესაძლოა კარგი შედეგები მოუტანოს ერთს, მაგრამ არა მეორეს. ეს ვერ იქნება სიტუაცია, სადაც ორივე მხარე იმარჯვებს - თუმცა ჩვენ უნდა შევძლოთ მოვძებნოთ და ვიპოვოთ ისეთი სიტუაცია, სადაც ორივე მხარე გაიმარჯვებს. მაგრამ ეს ადვილი არ იქნება“, - იტყობინება რადიო "თავისუფლება“ სოლანას სიტყვებზე დაყრდნობით.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან 30 სექტემბერს გამართული სატელეფონო საუბრისას, სააკაშვილმა "უდიდესი შეშფოთება“ გამოხატა კოსოვოს შემთხვევის შესაძლოა შედეგებზე.

სოლანას თქმით, მას აშფოთებს "ის ფორმა, რომლითაც სააკაშვილი გამოხატავს შეშფოთებას“ ამ საკითხზე, იტყობინება რადიო "თავისუფლება“.

მან ასევე გამორიცხა ევროკავშირის სამშვიდობო ძალის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში გაგზავნის შესაძლებლობა, ასევე ევროკავშირის პირდაპირი ჩართვა სამშვიდობო პროცესში, როგორც ამას პრეზიდენტი სააკაშვილი ითხოვს.

"ამ მომენტში, ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რომელი იქნება საუკეთესო გადაწყვეტა საქართველოს უსაფრთხოებისათვის. შესაძლოა ეს არ იყოს სამშვიდობოები, შესაძლოა ეს იყოს რაღაც სხვა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ევროპელი სამშვიდობოების გაგზავნა იქ არის ის, რასაც მე ამ ეტაპზე არ გავაკეთებდი“, - განაცხადა სოლანამ.   

Civil.Ge © 2001-2024