ზურაბიშვილი: არადემოკრატიულ არჩევნებში წავაგეთ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Oct.'06 / 13:18

“საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხება აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდა.

"ჩატარდა არადემოკრატიული არჩევნები, რომელი იყო მართული მთელი სახელმწიფო აპარატის მიერ თავისი ხალხის და მოსახლეობის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად ამ არადემოკრატიულ არჩევნებში წავაგეთ და პირველი პრინციპი დემოკრატიის არის წაგების აღიარება და როცა პარტია გადის ბოლო ადგილზე, ეს ნამდვილად წაგებაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 6 ოქტომბერს.

თბილისი საკრებულოს არჩევნების წინასწარი ოფიციალური მონაცემებით "საქართველოს გზამ“ ხმების 2,9% მიიღო.

ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს, "ვინც მოგვცა ხმა, გვენდო და გაიგო ჩვენი მოსაზრებები“.

"ეს არ არის წაგება, რადგან პარტიულ ცხოვრებას ვიწყებთ ნულიდან... ჩვენ გველის ძალიან დიდი მუშაობა წინ“, – დასძინა მან.

 

 

Civil.Ge © 2001-2024