ლეიბორისტული პარტია არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Oct.'06 / 16:29

ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა და აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია საქართველოში "სისხლიანი დიქტატორული რეჟიმის“ მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.

"ცნობილი გახდა, რომ ლეიბორისტული პარტია გადიოდა პირველ ადგილზე. ამის გამო, ჩვენი მხარდამჭერები მასობრივად ამოყარეს საარჩევნო სიებიდან. ამის გამო მოსახლეობის 80%-მა ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს და ის ფაქტობრივად არ შედგა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

"სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წარმოადგენს პათოლოგ სისხლიან დიქტატორს, რომლის პირველობა ემყარება, მხოლოდ და მხოლოდ, პრეზიდენტ ბუშის უპირობო მხარდაჭერას. ქვეყანა ფაქტობრივად არის უცხო სახელმწიფოს კოლონია... ჩვენ ვიღებთ კურსს პრეზიდენტ სააკაშვილის ვადამდელი გადაყენებისკენ. ვთხოვთ ყველა სახელმწიფოს ლიდერს შეაჩერონ დიპლომატიური ურთიერთობა [საქართველოს] ხელისუფლებასთან და მოვუწოდებთ დემოკრატიული ქვეყნების მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აღიარონ გაყალბებული არჩევნები. მოვითხოვთ არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას. ამასთან, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ბუშის რეჟიმის შეცვლა დასახავს სხვა უკეთეს პერსპექტივებს საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024