თბილისი კრემლის ქსენოფობიურ ნაბიჯებს გმობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Oct.'06 / 17:01

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ეკონომიკური სანქციების განხორციელების პარალელურად  რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწყებულ  რეპრესიებს რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველების, მათ შორის ბავშვების წინააღმდეგ.

რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს "მხოლოდ ეთნიკური წარმომავლობის გამო“ საქართველოს მოქალაქეთა  დაკავება და დეპორტაცია, ხორციელდება ქართველების კუთვნილი კომერციული დაწესებულებების დარბევა ძალოვანი სტრუქტურების მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი სკოლებიდან დაითხოვეს საქართველოს მოქალაქე ყველა თანამშრომელი და მოსწავლე, რუსული "ომონი“ ქართველების "გამოვლენის“ მიზნით რუსეთში საქართველოს საკონსულოში მისულ მოქალაქეებს უსაფრთდება.

“ამგვარი ქმედება მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ამ ქვეყნის პოლიტიკისა და განვითარების რეალურ ვექტორს, რისი საბოლოო შედეგიც რუსეთის დემოკრატიული საზოგადოებრიობისაგან იზოლაცია იქნება“, – აცხადებს 7 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტრო .

თბილისი აცხადებს, რომ რუსეთში ადამიანის უფლებათა, მათ შორის საკუთრების უფლების დარღვევის ყოველი ფაქტი გახდება ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს განსჯის საგანი, რუსეთის წინააღმდეგ შესაბამისი სარჩელის შეტანის საფუძველზე.

“მოვუწოდებთ მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ხელისუფლების რასისტულ, ქსენოფობიურ ქმედებებსა და გამოვლინებებს, და მკაცრად მოითხოვონ რუსეთის ფედერაციისაგან ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების უხეში და მასობრივი დარღვევების აღკვეთა“, – აცხადებს ოფიციალური თბილისი.

Civil.Ge © 2001-2024