ცესკო–მ თბილისის საკრებულოს შემადგენლობა დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Oct.'06 / 13:22

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) თბილისის საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რის შედეგადაც 37 წევრიანი საკრებულო ნაციონალური მოძრაობის 25–მა მაჟორიტარმა და 9 პროპორციულმა დეპუტატმა, ასევე ბლოკ "დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის“, ლეიბორისტების და მრეწველების თითო–თითო წარმომადგენელმა დააკომპლექტა.

საბოლოო შედეგების თანახმად საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები პროცენტულად ასე გადანაწილდა: ნაციონალური მოძრაობა -  66,53 %; "დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი“ (რესპუბლიკური პარტია - კონსერვატიული პარტია) - 12,04 %; ლეიბორისტული პარტია- 10.65 %; მრეწველები - 6.08 %.

საკრებულოს მიღმა დარჩენილმა სალომე ზურაბიშვილის "საქართველოს გზამ" - 2,77 % და საქართველოს ეროვნული იდეოლოგიის პარტიამ - 0,02 % მიიღეს. 

არჩევნების საბოლოო შედეგები გაპროტესტეს რესპუბლიკური და კონსერვატორული პარტიების წარმომადგენლებმა, რომელთა განცხადებით, ცესკო–მ ხელისუფლების დავალებით მათ ბლოკს მიღებული ხმები "გაუნახევრა“ და საკრებულოს ერთი მანდატი მრეწველების სასარგებლოდ წაართვა. შედეგად თბილისის საკრებულოში ვერ მოხვდა ბლოკის სიის მეორე ნომერი თინა ხიდაშელი.

"ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი დავალება ცესკო–ს მიმართ, რომ  საკრებულოში არ შეუშვან ჩვენი ერთ–ერთი  ძლიერი კანდიდატი თინათინ ხიდაშელი. საამისოდ, ცესკო–მ გამოიყენა ბინძური მეთოდები და ეს მანდატი ჩვენ წაგვართვა“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკელთა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

ცესკო–ს წინასწარი შედეგების მიხედვით, მრეწველები საკრებულოში მანდატს ვერ იღებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ 4%–იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

Civil.Ge © 2001-2024