პარლამენტმა რუსეთის ”ქსენოფობიური პოლიტიკა” დაგმო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Oct.'06 / 17:28

დღეს საქართველოს პარლამენტმა 138 ხმით ერთხმად მიიღო სპეციალური განცხადება, სადაც დაგმობილია ბოლო დროს რუსეთში დაწყებული კამპანია ქართველების წინააღმდეგ. 

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებისა და რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველების წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური ორგანოების წარმომადგენლებმა ქსენოფობია და ეთნიკური დისკრიმინაცია ფაქტობრივად  სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმენტად და პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებად გადააქციეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტი ასევე გმობს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების ღირსების დამამცირებელ ფორმებში დეპორტაციას და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო შეფასება მიეცეს რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს.

"ჩვენ ანტირუსული განწყობა გვაქვს რუსული პოლიტიკის მიმართ და არა რუსი ხალხის მიმართ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, რუსეთში "კრიმინალებთან ბრძოლა გაახსენდათ მაშინ, როცა ქართველების და საქართველოს დასჯა მოუნდათ. ეს, სამწუხაროდ, არის ქსენოფობია და ელემენტარული ფაშიზმი“.

"მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის[რუსეთთან]", – დასძინა ბურჯანაძემ.

 

Civil.Ge © 2001-2024