თბილისი შეშფოთებულია, რომ რუსეთში ანტიქართულ კამპანიას ადამიანი ემსხვერპლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Oct.'06 / 11:41

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 17 სექტემბერს რუსეთიდან დეპორტაციის პროცესში თენგიზ ტოგონიძის გარდაცვალების გამო და მკაცრად გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ ელემენტარული ჰუმანიტარული ნორმების უგულებელყოფას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 48 წლის აწ გარდაცვლილი თენგიზ ტოგონიძე 3 ოქტომბრიდან, როცა ის სანკტ–პეტერბურგში დააკავეს,  მოკლებული áƒ˜áƒ§áƒ სამედიცინო დახმარებასა და სუფთა ჰაერზე ყოფნის საშუალებას. áƒáƒ¡áƒ—მით დაავადებული ტოგონიძის სხვა ქართველ დეპორტირებულებთან ერთად მოსკოვში გადაყვანის დროს მგზავრობის ელემენტარული პირობები არ იყო დაცული.

"ტოგონიძე თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა მისთვის რუს ძალოვნებს ყურადღება არ მიუქცევიათ. მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტ დომოდედოვოში მისვლისთანავე მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აცხადებს საგარეო უწყება და დასძენს, რომ ეს ტრაგიკული ფაქტი "კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფებიან საქართველოს  მოქალაქეები და ეთნიკური ქართველები რუსეთში".

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო დეპორტირების ყოველი შემთხვევის შესწავლის საფუძველზე აცხადებს, რომ "გამოძევებული" მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს სავიზო და სხვა სახის დოკუმენტები წესრიგში აქვთ.

"ანუ კანონმორჩილი პირები აჰყავთ სახლებიდან და გადაჰყავთ იზოლატორებში, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, ამყოფებენ გაუსაძლის, არაადამიანურ პირობებში. ადამიანები არათუ მოკლებულნი არიან სამედიცინო დახმარებას, არამედ ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებასა და ადამიანისათვის შესაფერის მოპყრობას. ზემოაღნიშნული წარმოადგენს ადამიანის ფუძემდებლური უფლებებისა და თავისუფლებების, ყველა მოქმედი საერთაშორისო წესისა და პროცედურის უხეშ დარღვევას“, – აცხადებს ოფიციალური თბილისი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოითხოვს რუსეთის მხარისაგან აღკვეთოს ანტიქართული ისტერია და ღირსეულად მოეპყროს საქართველოს მოქალაქეებს და ეთნიკურ ქართველებს.

ამასთან, საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ხელისუფლების "არაჰუმანურ და ქსენოფობიურ“ ქმედებებს.

 

Civil.Ge © 2001-2024