თბილისი მოუწოდებს მოსკოვს შეწყვიტოს ქართველთა ეთნიკური ნიშნით დევნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Oct.'06 / 10:52

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ქართველების წინააღმდეგ გაჩაღებული ქსენოფობიური კამპანია მსოფლიო დემოკრატიულმა საზოგადოებამ დაგმო, რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს ქართველების დევნას.

თბილისი მოსკოვისგან კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოითხოვს შეწყდეს ეთნიკური ნიშნით მოქალაქეების დევნა და არსებული პოლიტიკური პრობლემები მოგვარდეს მოლაპარაკებებისა და კონსტრუქციული დიალოგის გზით.

ქართული მხარის განცხადებით, რუსეთის საიმიგრაციო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები რუსეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა და ეთნიკურ ქართველთა "გამოსავლენად” სხვადასხვა ხერხებს იყენებენ: მასობრივად მიმდინარეობს ქუჩაში ეთნიკური ქართველების გაჩერება;  სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში იგზავნება მიმართვები ქართული გვარების მოსწავლეებისა და სტუდენტების სიების წარმოდგენის მოთხოვნით; ძალოვანი სტრუქტურების სპეციალური ოპერატიული ჯგუფები შედიან ყველა იმ კომერციულ დაწესებულებაში, რომელთა მფლობელებიც შესაძლებელია ქართველები იყვნენ; დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ქართველების საცხოვრებელ ბინებში მიდიოდნენ უბნის ინსპექტორები/რწმუნებულები, ართმევდნენ პასპორტებს და მიჰქონდათ სასამართლოში, სადაც აღნიშნულ პირთა დაუსწრებლად სასამართლო იღებდა გადაწყვეტილებას მათი დეპორტაციის შესახებ.

"აღმაშფოთებელია ასევე, რომ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შსს-ს განყოფილებებსა და გამანაწილებლებში ამყოფებენ გაუსაძლის, არაადამიანურ პირობებში. ადამიანები არათუ მოკლებულნი არიან სამედიცინო დახმარებას, არამედ ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებას, რამაც უკვე გამოიწვია მსხვერპლი“, – აცხადებს 24 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამგვარი ფაქტების შესახებ საქართველომ ინფორმაცია უკვე მიაწოდა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს.

"საქართველოს მოქალაქეთა დევნისას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლები არ იცავენ არა თუ ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ არღვევენ რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნებსაც“, რაც საგარეო უწყების განცხადებით, "რატომღაც არ მოქმედებს საქართველოს მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც იდევნებიან მხოლოდ ეთნიკური ნიშნის მიხედვით“.

Civil.Ge © 2001-2024