კობა დავითაშვილმა კონსერვატიული პარტია დატოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Nov.'06 / 15:36

დღეს კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ "მე არ ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას“.

დავითაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 12 ოქტომბერს ქართულმა ტელევიზიებმა გაავრცელეს მისი მაკომპომეტირებელი ვიდეო–მასალა, სადაც ის 20 ათას დოლარს იღებს პიროვნებისაგან, რომელიც მოგვიანებით ადგილობრივი არჩევნების პარტიულ სიაში პირველ ხუთეულში მოხვდა.

კობა დავითაშვილის განცხადებით, იგი არ აპირებს დატოვოს თბილისის საკრებულოს რიგები, სადაც რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების საარჩევნო სიით მოხვდა. "ხალხმა ამირჩია ამ თანამდებობაზე და წასვლა ამ შემთხვევაში იქნებოდა ბრძოლიდან გარიდება“, – განაცხადა დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დავითაშვილი ასევე აცხადებს, რომ თანამშრომლობას გააგრძელებს ოპოზიციურ პარტიებთან, "პირველ რიგში დემოკრატიულ ფრონტთან: რესპუბლიკელებთან და კონსერვატორებთან“.

დავითაშვილთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოხატეს მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმაც.

"მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ ცალკ–ცალკე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება კონფლიქტური ურთიერთობა, პირიქით, ჩვენ მომავალში შეიძლება გავხდეთ პარტნიორები ან საარჩევნოდ არ სხვა ტიპის ბრძოლაში“, – განაცხადა კონსერვატორმა დეპუტატმა კახა კუკავამ.

“ვიცი, რომ კობა დავითაშვილი აპირებს რაღაც ახლის ჩამოყალიბებას. ის სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში და ალბათ ის ასე უკვალოდ არ დაიკარგება“, – განუცხადა 15 ნოემბერს ახალი მემარჯვენეების ერთ–ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ "რუსთავი 2“–ს.

Civil.Ge © 2001-2024