საგარეო დიპლომატია კონფლიქტებთან დაკავშირებით გააქტიურდა
/ 17 Nov.'06 / 14:28
სივილ ჯორჯია

ბოლო კვირა გამოირჩეოდა საქართველოში არსებული სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარებისკენ მიმართული საერთაშორისო დიპლომატიური საქმიანობის გააქტიურებით. 

ამჟამად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს მართავს, ხოლო 18 ნოემბერს სოხუმში ჩასვლას გეგმავს. 

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების საკითხი იქნა განხილული 15 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს და აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დანიელ ფრიდს შორის გამართულ შეხვედრაზე.

იმავე დღეს კარასინმა მოსკოვში ცალ-ცალკე მოლაპარაკებები გამართა  გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოში ჟან არნოსთან და ბრიტანეთის ელჩთან რუსეთში ენტონი ბრენტონთან, სადაც საქართველოს შესახებ იმსჯელეს.

15 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სოხუმს ეწვია და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა.   

გერმანია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და საფრანგეთი გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრები არიან - ეს ჯგუფი აფხაზეთის სამშვიდობო პროცესშია ჩართული.   

მეგობართა ჯგუფი 2007 წლის იანვარში ჟენევაში გეგმავს შეხვედრას. გაეროში  საქართველოს ელჩის ირაკლი ალასანიას განცხადებით, შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილავენ წინადადებებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სამშვიდობო ოპერაციის შესაძლო ინტერნაციონალიზაციის თაობაზე. 

სეპარატისტული კონფლიქტების შესახებ იმსჯელეს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ბრიუსელში ვიზიტის დროს, სადაც მან 15 ნოემბერს მოლაპარაკებები გამართა ევროკავშირის და ნატოს ოფიციალურ პირებთან.

ამავდროულად, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერები, სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი მოსკოვს სტუმრობენ.

16 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის "პირველი არხის" პოლიტიკურ თოქშოუში სახელწოდებით "თავად განსაჯეთ“ გამოსვლისას ბაღაფშმა თბილისი ზემო კოდორის ხეობაში "პროვოკაციული ქმედებების“ შედეგად მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა.
ივლისში ემზარ კვიციანის წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ ქართულმა მხარემ ზემო კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა განათავსა.

სოხუმმა მოლაპარაკებების განახლების წინაპირობად ზემო კოდორის ხეობაში ივლისამდე არსებული სტატუს ქვოს აღდგენა მოითხოვა.

გარდა ამისა, პრეზიდენტ სააკაშვილს ნოემბრის ბოლოს მინსკში დაგეგმილ დსთ-ს ლიდერთა სამიტზე თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, áƒ áƒáƒ¨áƒ˜áƒª მთავარ ქვაკუთხედს სეპარატისტული კონფლიქტები წარმოადგენს.  

კრემლს ჯერ არ დაუდასტურებია, რომ ორმხრივი შეხვედრა შედგება. თუმცა ზოგიერთი ქართველი ექსპერტის შეფასებით, ორ პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა უფრო რეალური გახდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა.  


 

Civil.Ge © 2001-2024