ოქრუაშვილის გადადგომამ სხვადასხვა ვერსიები გააჩინა
/ 18 Nov.'06 / 17:55
სივილ ჯორჯია

რას იტყვის თავად ოქრუაშვილი - ეს არის ინტერესის
მთავარი წყარო.
ირაკლი ოქრუაშვილი áƒ™áƒ˜áƒ”ვიდან თბილისში 18 ნოემბერს საღამოს დაბრუნდა, თუმცა მთავრობიდან წასვლის მიზეზებსა და თავის სამომავლო გეგმების შესახებ  განცხადების გაკეთებას თავი აარიდა.

ოქრუაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა 17 ნოემბერს დატოვა - მის გადაწყვეტილებას ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, "შოკისმომგვრელი“ და "მოულოდნელი" უწოდა.

სავარაუდოდ, ოქრუაშვილი თავად ისაუბრებს თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე; მანამდე კი მისი ამ გადაწყვეტილების მოტივებზე და შესაძლო შედეგებზე მხოლოდ ვარაუდები ვრცელდება.

პოლიტიკოსთა უმეტესობის განცხადებით, ოქრუაშვილის გადადგომა, რომელიც მთავრობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა, სავარაუდოდ ძალთა ბალანსის შეცვლას გამოიწვევს. 

ოფიციალური პირებისგან განსხვავებით, ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ოქრუაშვილის გადაწყვეტილებაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. სააკაშვილის ადმინისტრაციის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ხანგრძლივი შიდა სამთავრობო ბრძოლის შედეგი იყო.

"ოქრუაშვილის მთავრობიდან გაძევების შედეგად, ე.წ. ბოკერია-მერაბიშვილი-ლომაიას დაჯგუფებამ გაიმაჯვა იმ თვალსაზრისით, რომ მთავრობაზე სრული კონტროლი დაამყარა. ახლა, მხოლოდ პრემიერ-მინიტრი ნოღაიდელი და მისი ეკონომიკური გუნდი რჩება მეტნაკლებად ამ დაჯგუფების კონტროლის გარეთ“, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "იმედის“ თოქშოუში "რეაქცია“ საუბრისას 17 ნოემბერს.  

მას მხედველობაში ჰყავდა სამი გავლენიანი ფიგურა - დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან გიგა ბოკერია, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და განათლების მინისტრი კახა ლომაია. ბოლო თვეების განმავლობაში ქართული მედია ხშირად გამოთქვამდა ვარაუდებს ლომაიას შესაძლო გაპრემიერების თაობაზე.

"ეს არ იყო მოულოდნელი ნაბიჯი ოქრუაშვილის მხრიდან, რადგანაც თავიდანვე ნათელი იყო, რომ იგი ვერ შეეგუებოდა თავდაცვის სამინისტროდან წასვლას. მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, ის კარგად მოიქცა, როდესაც თავიდანვე [თავდაცვის სამინისტროდან გადაყვანისთანავე] არ განაცხადა მთავრობიდან წასვლის შესახებ და ერთი კვირა მოიცადა, რადგანაც თავდაცვის სამინისტრო მგრძნობიარე სფეროა“, - განაცხადა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან.

ოპონენტები ასევე აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელსაც ხელსაყრელი პირობები შეუქმნა ოქრუაშვილის წასვლამ.

"პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელს არ გაუხარდა სააკაშვილის გადაწყვეტილება ოქრუაშვილის ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის თაობაზე. ეკონომიკური გუნდი ერთადერთი სეგმენტია მთავრობის, რომელსაც ნოღაიდელი აკონტროლებს. დამოუკიდებლად მოაზროვნე ოქრუაშვილს შეეძლო გარკვეულწილად ხელი შეეშალა ნოღაიდელისთვის ეკონომიკის სამინისტროს გაკონტროლების საქმეში“, - განაცხადა დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ მრეწველთა პარტიიდან.  

ამჟამად ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა ვაკანტურია. ჯერ-ჯერობით არ არსებობს რაიმე ოფიციალური ინფორმაცია, თუ ვინ შეცვლის ოქრუაშვილს ამ თანამდებობაზე. ტელეკომპანია "რუსთავი 2“ 18 ნოემბერს ვარაუდობდა, რომ დავით კეზერაშვილი, რომელმაც ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 10 ნოემბერს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეცვალა, შესაძლოა ეკონომიკის ახალი მინისტრი გახდეს. ამავე ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის მინისტრად საქართველოს ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია მოიაზრება.   

"სავარაუდოდ, კეზერაშვილს გადაიყვანენ თავდაცვის სამინისტროდან, რადგანაც იგი ოქრუაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა და მისი დანიშვნა სააკაშვილის მიერ კომპრომისი იყო. მთავრობაში ძალთა გადანაწილება კვლავ მოსალოდნელია. ოქრუაშვილის ახლო მოკავშირის, გიორგი არველაძის [პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის] როლი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განუცხადა რადიო "თავისუფლების“ პოლიტიკურმა მიმოხილველმა ია ანთაძემ "სივილ ჯორჯიას“ 18 ნოემბერს.

მან ასევე განაცხადა, რომ ოქრუაშვილი ან ოპოზიციაში ან უბრალოდ პოლიტიკიდან წავა.

"თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ოქრუაშვილის დასაყრდენი იმ შემთხვევაში, თუ ის ოპოზიციაში წავა. თუმცა, სააკაშვილსაც არ ჰქონია რაიმე მნიშვნელოვანი დასაყრდენი, როდესაც მან შევარდნაძის ადმინისტრაცია დატოვა“, - დასძინა ანთაძემ.

პრეზიდენტ სააკაშვილს ჯერ ოქრუაშვილის გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. სავარაუდოდ, ის მას შემდეგ გაახმოვანებს თავის მოსაზრებას, რაც ოქრუაშვილი პირველ საჯარო განცხადებას გააკეთებს თავისი გადაწყვეტილების და სამომავლო გეგმების თაობაზე.

 

Civil.Ge © 2001-2024