ტერი დევისი მოსკოვში ქართველის გარდაცვალების გამო შეშფოთებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Dec.'06 / 15:59

ბოლო ორი თვის მანძილზე მოსკოვში  დეპორტაციის მოლოდინში მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალება „ხდება შეშფოთების მიზეზი“, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა 5 დეკემბერს.

51 წლის მანანა ჯაველია მოსკოვის გამანაწილებელში 2 დეკემბერს, დაპატიმრებიდან ექვსი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

ტერი დევისმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს საქმის გამოძიება, და „ჩვენ თვალს მივადევნებთ შედეგებს, განსაკუთრებით მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის  კუთხით“.  

„შეშფოთების მიზეზს áƒáƒ¡áƒ”ვე წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის ის ტალღა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას მოყვა. რიგითმა მოქალაქეებმა არ უნდა აგონ პასუხი მთავრობებს შორის არსებული უთანხმოების გამო“, - დასძინა მან. 

დეპუტატმა ნიკა გვარამიამ, რომელიც ამავე დროს რუსეთში ქართველთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას ხელმძღვანელობს, 4 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის გამანაწილებლებში დეპორტაციის მოლოდინში 79 ქართველი რჩება.

გავრცელებული ინფორმაციით, ოქტომბრის თვიდან 1 000-ზე მეტი ქართველი იქნა დეპორტირებული რუსეთიდან.

ტერი დევისმა ასევე განაცხადა, რომ მაშინ როცა რუსეთის ხელისუფლებას სრული უფლება აქვს განახორციელოს თავისი საიმიგრაციო წესები, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ კანონები შეესაბამება ევროპის საბჭოს სტანდარტებს და არ ხდება მათი გამოყენება არაადამიანური გზით. 

48 წლის თენგიზ ტოგონიძე 17 ოქტომბერს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში დეპორტაციის მოლოდინში ასთმის შეტევისგან გარდაიცვალა.
 

Civil.Ge © 2001-2024