თბილისი და ბაქო რეგიონალური რკინიგზის დაფინანსებაზე შეთანხმდნენ
/ 13 Jan.'07 / 16:36
სივილ ჯორჯია

აზერბაიჯანი საქართველოს 200 მლნ დოლარს სესხის სახით მისცემს საქართველოს ტერიტორიაზე იმ სარკინიგზო ხაზის მშენებლობა–რეაბილიტაციისთვის, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთს დაუკავშირებს. ამის შესახებ შეთანხმებას 13 იანვარს თბილისში მოეწერა ხელი.

საქართველოს 25 წლის განმავლობაში მოუწევს ამ 1%–იანი სესხის დაფარვა იმ შემოსავლიდან, რომელსაც ყარსი–ახალქალაქი–ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლოატაციის შედეგად მიიღებს.

200 მლნ დოლარი პირობითი თანხაა, რომელიც შესაძლოა გაიზარდოს მას შემდეგ, რაც პროექტის საბოლოო ბიუჯეტი დადგინდება, განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ. პროექტის ფინანსური მხარე თებერვლისთვის იქნება მზად.

"ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ [მოლაპარაკებების] შედეგით; ეს [შეთანხმება] იძლევა პროექტის დაწყების გარანტიებს“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

“ეს უზარმაზარი პროექტია, რომელიც áƒ¡áƒáƒ›áƒªáƒ®áƒ”–ჯავახეთის რეგიონს მთლიანობაში 300 მლნ დოლარის ინვესტიციას მოუტანს. ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ახალ კავშირებს საქართველოსთვის“, – დასძინა არველაძემ.

"ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

ოფიციალური პირების განცხადებით, ორივე მხარის სურვილია რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მშენებლობა. საქართველოს რკინიგზის შეფმა 12 იანვარს აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ თბილისს მშენებლობის დაწყება 2007 áƒ¬áƒšáƒ˜áƒ¡ პირველ ნახევარში სურს.

თუმცა 13 იანვარს მან აღნიშნა, რომ პროექტი მოითხოვს პროცედურებს, რომელიც გარკვეულ დროს წაიღებს და ამდენად, მშენებლობა შესაძლოა წლის ბოლოსთვის დაიწყოს.

მისი თქმით, ეს პროცედურებია ხელშეკრულების რატიფიცირება საკანონმდებლო ორგანოების მიერ, ასევე ტენდერის გამოცხადება მშენებლობის განმახორციელებელი კომპანიების შესარჩევად.

საქართველოს ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ, რომელიც მთავრობის კონსულტანტის რანგში იყო თბილისში გამართულ მოლაპარაკებებში ჩართული, განაცხადა, რომ მიუხედავად ამ ფორმალური საკითხებისა, შეთანხმების ხელმოწერა ნიშნავს იმას, რომ პროექტს მწვანე შუქი აენთო.

"ახლა პროექტის დაწყებას არაფერი უშლის ხელს“, – განუცხადა ჩოგოვაძემ "სივილ ჯორჯიას“.

საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზის 221 კმ–იანი მონაკვეთი საჭიროებს მშენებლობა–რეაბილიტაციას, აქედან 29 კმ–ზე ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე ახალი რკინიგზა უნდა დაიგოს, ხოლო 192 კმ–იან მონაკვეთი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ითხოვს. 

ამ სამუშაოებს დაახლოებით ორ წელიწადნახევარი დასჭირდება.

ირაკლი ეზუგბაიას განცხადებით, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის ტვირთბრუნვა წელიწადში 15 მლნ ტონას მიაღწევს.

საქართველოში გარკვეული შეშფოთება არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ყარსი–ახალქალაქი–ბაქოს რკინიგზაზე მოხდება ბათუმისა და ფოთის პორტებიდან ტვირთების გადამისამართება. მაგრამ ეკონომიკის მინისტრმა ეს მოსაზრება უარყო.

“მაშინ როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ჩრდილოეთიდან [რუსეთის] ეკონომიკურ ბლოკადის პირობებში, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი დამატებითი სატრანზიტო კორიდორების გაჩენა... ამავე დროს ჩვენ [ხელისუფლება] უზრუნველვყოფთ, რომ ამ პროექტმა არ შეუქმნას საფრთხე ფოთის და ბათუმის პორტებს და არ შეუმციროს რაიმე დატვირთვა“, – განაცხადა გიორგი არველაძემ.

სამხრეთ კავკასიაში ახალი სარკინიგზო მარშრუტის მშენებლობას სომხეთი წინააღმდეგობას უწევს იმ მოტივით, რომ ეს კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევს ქვეყანას.

ამასთან, აშშ–ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 20 დეკემბერს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრძალავს აშშ–ს ექსპორტ–იმპორტ ბანკს ყარსი–ახალქალაქი–ბაქოს სარკინიგზო პროექტის დაფინანსებას. კანონი სომხური ლობის აქტიურობის შედეგად აშშ–ს კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა.

ყარსი–ახალქალაქი–ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის სანაცვლოდ, ერევანი უკვე არსებული ყარსი–გიუმრი–თბილისის რკინიგზის გახსნის ინიციატივით გამოდის, რომელიც ამჟამად უმოქმედოა თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთისთვის გამოცხადებული ბლოკადის გამო.

Civil.Ge © 2001-2024