![]() |
|||
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ზამთრის განმავლობაში გაზი არ უნდა გაძვირდეს და ასევე ახალ ტარიფში მტკივნეულად არ უნდა აისახოს რუსული გაზის გაძვირების ეფექტი. ”გაზის ფასი არ უნდა გავზარდოთ იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე რთული თვეები, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველთათვის”, - განაცხადა 31 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა. ზამთრის პერიოდში საქართველო გაზის უმეტეს ნაწილს 235 აშშ დოლარად 1000 კუბურ მეტრზე "გაზპრომისგან“ იღებს, მთლიანი მოხმარების 1/8–ს კი აზერბაიჯანი აწვდის 120 აშშ დოლარად. პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაზარდოს იაფი გაზის წილი საერთო ენერგობალანსში და თბოელექტროსადგურებზე გაზი ეკონომიურად დაიხარჯოს. ”და შემდეგ გამოვიყვანოთ ისეთი ფორმულა, იმ პირობებში როცა მთავრობა ავანსირებას გააკეთებს თანხებით ამ ზამთარში, რათა მაქსიმალურად შემცირდეს რუსეთის მიერ გაზის გაძვირების ეფექტი ჩვენი საზოგადოების უმეტესობისთვის, მათ შორის დაუცველი ნაწილისთვის”, - განაცხადა პრეზიდენტმა. ენერგეტიკის ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას (სემეკი) გაზგამანაწილებელი კომპანიების ”ყაზტრანსგაზ-თბილისისა” და ”იტერა-საქართველოს” განაცხადები თბილისსა და შესაბამისად, რეგიონებში გაზის ტარიფის მომატების თაობაზე დღეს უნდა განეხილა, თუმცა სხდომა 7 თებერვლისთვის გადაიდო. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025