ქართული და ოსური მხარეები ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Feb.'07 / 12:17

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერგნეთში განთავსებულ ქართულ საგუშაგოს წუხელ ღამით ცხინვალის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს ნაღმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან , იტყობინება 1 თებერვალს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 

ამავე ცნობით, ქართული პოლიციის თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ გაეხსნათ საპასუხო ცეცხლი რომლის შედეგადაც ”დაჭრილია ერთი თავდამსხმელი”.

სამხრეთ ოსეთის მხარე ადასტურებს ერთი ადამიანის დაჭრის და ცეცხლის გახსნის ფაქტებს, თუმცა ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ასევე ამტკიცებს, რომ áƒ”ს საპასუხო სროლა იყო მას შემდეგ, რაც ცხინვალის სამხრეთ ნაწილი ქართული სოფლების ნიქოზისა და ერგნეთის მხრიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ყუმბარმტყორცნით დაიცხრილა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს ეუთოს დამკვირვებელები და შერეული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები სწავლობენ.

შერეული ძალების სარდალმა მარატ კულახმეტოვმა ”რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბარში ფაქტები დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიება დაადგენს ვინ წამოიწყო სროლები.

ანალოგიურ ინციდენტს ადგილი ჰქონდა 28 იანვარს, როცა ცხინვალში ორმხრივი სროლის შედეგად სამი ოსი მილიციელი დაიჭრა. სროლები დაფიქსირდა ასევე 29 იანვარს სოფელ ერგნეთის მიმართულებით.

Civil.Ge © 2001-2024