რუსეთის ელჩი ურთიერთობების გაუმჯობესების პირობებზე საუბრობს
/ 6 Feb.'07 / 17:55
სივილ ჯორჯია

’ნეიტრალური საქართველო’

რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ 6 თებერვალს განაცხადა, რომ მოსკოვს სურს, რომ საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო იყოს - ეს პირობა კი ეწინააღმდეგება თბილისის áƒœáƒáƒ¢áƒáƒ¡áƒ™áƒ”ნ მისწრაფებას.  

თბილისში დაბრუნებიდან ორი კვირის თავზე გამართულ პრესკონფერენციაზე ვიაჩესლავ კოვალენკომ ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვს არასოდეს დაუყენებია ეჭვქვეშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ან მისი სუვერენიტეტი. 

”რუსეთს უნდა იხილოს საქართველო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული და ნეიტრალური სახელმწიფო რუსეთთან მეზობლური ურთიერთობებით”, - განაცხადა კოვალენკომ პრესკონფერენციაზე, რომელიც რუსული საინფორმაციო სააგენტოს ”რია ნოვოსტის” თბილისის ოფისის ორგანიზებით გაიმართა.

ამასთან მიმართებაში რუსეთის ელჩმა გაიხსენა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადება საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო ბაზების განლაგების შესაძლებლობის თაობაზე, რომელიც იტალიურ გაზეთ ”პანორამასთან” ინტევიუში გაკეთდა. 

”შეუძლებელია, რომ განცხადებებმა - თუნდაც ისინი ზოგადი ხასიათის იყოს - საქართველოში სამხედრო ბაზების შესაძლო განთავსების თაობაზე, არ შეგვაშფოთოს”. მიუხედავად იმისა, რომ გაკეთდა გარკვეული განმარტებები ამ განცხადებასთან დაკავშირებით დიპლომატიური არხებით, ჩვენ ვიცით, რომ არ არსებობს კვამლი ცეცხლის გარეშე”, - განაცხადა რუსეთის ელჩმა.

საქართველოს ნატოში ინტეგრაციას ხელისუფლება მიიჩნევს, როგორც ”შეუქცევად პროცესს”. თავის რამდენიმე განცხადებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნათლად მიანიშნა, რომ მისი მმართველი პარტია მზად არის დიალოგი გამართოს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან საქართველოში, რომელიც ეთანხმება რამდენიმე ფუნდამენტალურ პრინციპს, მათ შორის საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. ამ ფუნდამენტალურ პრინციპებში ასევე შედის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

’ანტირუსული რიტორიკის’ შერბილება 

რუსმა დიპლომატმა ივან ვოლინკინმა, რომელიც ელჩის გაწვევის შემდეგ თბილისში განაგრძობდა მუშაობას, განაცხადა, რომ საელჩომ გადაწყვიტა პრესკონფერენციის მოწვევა, რადგანაც უამრავი ჟურნალისტი ითხოვდა ინტერვიუს რუსეთის ელჩთან.

ვოლინკინის განცხადებით, ბოლო დროს ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვებს შორის იყო, თუ რა ნაბიჯების გადადგმას ითხოვს მოსკოვი თბილისისგან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით.

რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოს ’ნეიტრალურ პოზიციაზე’ საუბრით დაიწყო. თუმცა, ეს თემა აღარ განუვრცია. მან უფრო მეტი ყურადღება საქართველოს ხელისუფლების მიერ ”ანტირუსული რიტორიკის” áƒ¨áƒ”რბილების საჭიროებას დაუთმო.    

მისი თქმით, მოსკოვს ”აქვს სურვილი აშენოს მეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან და დროა საპასუხო ნაბიჯებიც” გადაიდგას თბილისის მხრიდან.

”რას ვგულისხმობთ ამ საპასუხო ნაბიჯებში? პირველ რიგში, საქართველოში უნდა შეჩერდეს ანტირუსული რიტორიკა, რომელიც თითქმის ყოველდღე გვესმის”, - განაცხადა რუსეთის ელჩმა.

მისი თქმით, ორ კვირაზე ცოტა მეტი გავიდა, რაც ის საქართველოში დაბრუნდა, თუმცა ანტირუსული რიტორიკა კვლავ გრძელდება.

”ჩვენ კვლავაც გვესმის განცხადებები, რომ რუსეთი არ არის საქართველოს მეგობარი, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა და სხვა. თბილისში ჩემი ჩამოსვლიდან მეორე დღეს გაჩნდა ამბავი ურანთან დაკავშირებით და ფაქტები ამ შემთხვევის გარშემო სპეციალურად დამახინჯდა. კეთდებოდა განცხადებები, რომ რუსეთს არ სურდა ამ საკითხზე საქართველოსთან თანამშრომლობა. ეს არ არის მართალი. მოსკოვი მოუწოდებდა თბილისს შეექმნა პირობები საქმის ერთობლივად გამოძიებისთვის. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დამატებითი მასალები მოითხოვა, რომელიც თბილისმა არ გააგზავნა”, - განაცხადა კოვალენკომ.

ელჩის თქმით, საქართველოს აქვს ”უნიკალური შანსი” ნორმალური ურთიერთობები დაამყაროს რუსეთთან. 

”საქართველოს არ ჰყავს მეზობლები, რომლებიც მტრულად არიან განწყობილი და არც არავინ ემუქრება საქართველოს. რუსეთს არ გააჩნია ეგოისტური ინტერესები საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ. რუსეთი მხოლოდ მიისწრაფვის განავითაროს ურთიერთობები ურთიერთხელსაყრელ და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით”, - განაცხადა რუსეთის ელჩმა.

რუსეთის ელჩს მხედველობაში ჰქონდა ტერმინი ”საქართველოს არაკეთილმოსურნეები ერთ-ერთ ჩვენ მეზობელ ქვეყანაში”, რომელსაც ხშირად იყენებენ საქართველოს ოფიციალური პირები თავიანთ საჯარო განცხადებებში.

მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის ოფიციალური წარმომადგენლები ყოველთვის ცდილობენ ”რუსეთის ხელი დაინახონ” საქართველოში განვითარებულ მოვლენებში.

”სიმართლე რომ ვთქვა, ჩვენ უკვე აღარ ვაქცევთ ამას ყურადღებას; მაგრამ, როგორც კი ამგვარი მიდგომა ჩნდება, ის უარყოფით [ასპექტს] მატებს ორმხრივ ურთიერთობებს”, - განაცხადა კოვალენკომ.

მოლაპარაკებები რუსეთის ვმო-ში áƒ’აწევრიანებაზე

რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ განაცხადა, რომ საქართველოს მცდელობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს დაუკავშიროს არასწორია.

თბილისი რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების წინაპირობად რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში მდებარე ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ლეგალიზებას აყენებს. 

”ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი áƒáƒ› ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება... არ უნდა ჩავრთოთ საქართველოს შიდა საკითხები რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების პროცესში”, - განაცხადა რუსეთის ელჩმა.

”განა მარტო რუსეთზეა დამოკიდებული ეს საკითხი? მასში, ხომ მონაწილეობენ აფხაზები და ოსები. არ უნდა გადავიტანოთ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა რუსეთზე”, - დასძინა კოვალენკომ.

აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი

რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ორმხრივ ურთიერთობებს თბილისსა და მის სეპარატისტულ რეგიონებს შორის, თუმცა მან ასევე ნათლად მიანიშნა, რომ მოლაპარაკებების ამჟამად არსებულ მექანიზმებს ჯერ თავისი შესაძლებლობები არ ამოუწურიათ.

მისი თქმით, რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ”თუმცა, რა თქმა უნდა, იქ მცხოვრები ყველა ეროვნების ინტერესების დაცვით”.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ინიციატივას, რომელიც მიიყვანს ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე... თუმცა, ბოლო დროს აღარ გამართულა  შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში შეხვედრა, სადაც შესაძლებელია საკითხების განხილვა”, - განაცხადა კოვალენკომ.

”მოილაპარაკეთ თქვენ თვითონ,  რუსეთი კი მიიღებს ყველა თქვენს შეთანხმებას და თუ საჭირო გახდა აღმოგიჩენთ დახმარებას შუამავლის და მშვიდობის მყოფელის რანგში. ჩვენ ამგვარი შეთანხმების მომხრე ვართ, რადგან ამას მივყავართ სტაბილურობისკენ და მშვიდობისკენ,  რუსეთისთვის კი ეს მთავარია”, - განაცხადა ვიაჩესლავ კოვალენკომ. 

თბილისის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსკოვს სეპარატისტული კონფლიქტების გასაღები ხელში უჭირავს, მაგრამ რუსეთმა ”კონსტრუქციული როლი” უნდა ითამაშოს. თბილისი აცხადებს, რომ მოსკოვი აქეზებს სეპარატისტულ მთავრობებს ქართული მხარის წინააღმდეგ, áƒ áƒáƒª კიდევ უფრო ართულებს ნდობის აღდგენას და კონფლიქტის მოგვარებას. 

პრესკონფერენციაზე ვიაჩესლავ კოვალენკო ასევე შეეხო საქართველოს კონფლიქტის ზონებში რუსული პასპორტების მასიურად გაცემის თემას და აღნიშნა, რომ ეს რუსეთის ”ჰუმანიტარული დახმარების” შემადგენელი ნაწილია.

თბილისი ამ ნაბიჯს აფასებს, როგორც რუსეთის მცდელობას ჩაერიოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებში თავისი ”მოქალაქეების დაცვის” მოტივით.

’ჰუმანიტარული გეგმები’

რუსმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა საელჩოს გეგმების თაობაზე გაააქტიუროს საქმიანობა ორ ქვეყანას შორის ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობების გამოცოცხლების მიზნით.

მან სინანული გამოთქვა, რომ რუსული ენა კარგავს მთავარი უცხო ენის სტატუსს საქართველოს ახალგაზრდობაში და განაცხადა, რომ საელჩო გეგმავს გახსნას რუსული ინსტიტუტი და სკოლა თბილისში თავისი ფილიალებით რეგიონებში.

”მე ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს ვესაუბრე, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით... საქართველოში ახალგაზრდებს სულ უფრო და უფრო ცუდად ესმით რუსული, ეს კი ცუდია”, - განაცხადა მან.

რუსეთის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ საელჩო მუშაობს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აღდგენაზე, თუმცა, არ დააკონკრეტა, თუ როდის მოგვარება ეს, მისი თქმით, ”ტექნიკური პრობლემა”.   

Civil.Ge © 2001-2024