სააკაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Feb.'07 / 11:31

საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერებმა ”კონსტრუქციულად” შეაფასეს 6 თებერვლის საღამოს პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული დახურული შეხვედრა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ძირითადად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებს მიეძღვნა. 

შეხვედრას, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით შედგა, ესწრებოდნენ სამი ოპოზიციური ფრაქციის ლიდერები: დავით გამყრელიძე (ახალი მემარჯვენეები), დავით ბერძენიშვილი (დემოკრატიული ფრონტი) და ზურაბ ტყემალაძე (მრეწველები), ხოლო ხელისუფლებას წარმოადგენდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე, დეპუტატი ნიკა გვარამია.

შეხვედრას ესწრებოდა ასევე ოთხი მინისტრი: საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე და თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. 

შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ”საკმაოდ კონსტრუქციული” იყო.

”ამ შეხვედრას მან ბევრი დრო დაუთმო და გვითხრა, რომ ის ძალიან დაინტერესებულია ამგვარ შეხვედრებში”, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”ღია ეთერში” სტუმრობისას დავით გამყრელიძემ.

ოფიციალური პირების განცხადებით, შეხვედრაზე განხილულ იქნა სეპარატისტული კონფლიქტების, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის, რუსეთთან ურთიერთობების და საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

დეპუტატებმა გამყრელიძემ და ბერძენიშვილმა განაცხადეს, რომ შეხვედრაზე ზოგიერთი კონფიდენციალური საკითხიც იქნა განხილული.

დავით გამყრელიძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ”ინტენსიური დიალოგის” ფარგლებში ნატოსთან საქართველოს მოლაპარაკებების შესახებ.

”სააკაშვილმა დეტალურად ისაუბრა მისი და მმართველი უმრავლესობის ხედვაზე საქართველოს ახლო მომავალთან დაკავშირებით. თუმცა, ამაზე საუბარი არ მინდა, ამ გეგმებზე საუბარი პრეზიდენტის პრეროგატივაა. მინდა განვაცხადო, საკმაოდ ლოგიკურია ის, რაც მე მოვისმინე”, - განაცხადა გამყრელიძემ.

ოპოზიციის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს პრობლემატურია, მათ შორის საკუთრების ხელყოფის ფაქტები, გახმაურებული მკვლელობები, სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარება, დსთ-ში საქართველოს ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი.

გამყრელიძის განცხადებით, პრეზიდენტი შეშფოთებული ჩანდა კერძო საკუთრების შელახვის ფაქტების გამო, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო გახშირდა.

”იგი დაგვპირდა, რომ 2-3 დღეში პარლამენტში შემოვა საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც ხელშეუხებლობის გარანტიებს შეუქმნის კერძო საკუთრებას. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი თავის დაპირებას შეასრულებს ”, - განაცხადა გამყრელიძემ ”იმედის” ეთერში.

გარდა ამისა, მისი თქმით, პარლამენტში გამოიძებნება გარკვეული ფორმატი უმრავლესობისა და ოპოზიციის მონაწილეობით, რომელიც საკუთრების ჩამორთმევის თითოეულ ფაქტს შეისწავლის და რეაგირებას მოახდენს.

”რაც შეეხება დსთ-დან გამოსვლის საკითხს, ხელისუფლების მკაფიო პასუხი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. მათი თქმით, რამდენიმე ტექნიკური პრობლემა კვლავ რჩება, მათ შორის ორმხრივი ხელშეკრულებები დსთ-ს სხვა სახელმწიფოებთან”, - განაცხადა გამყრელიძემ.

დემოკრატიული ფრონტის ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ თავი შეიკავა იმ საკითხების დაყენებისგან, რომლებზეც ”რადიკალურად განსხვავებული პოზიციები” არსებობს.

”ჩვენ ვისაუბრეთ აფხაზეთზე, საქართველოს უსაფრთხოებაზე, საგარეო პოლიტიკაზე. ვფიქრობთ, რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი დღეს, მაშინ როცა მთავრობა ფიქრობს, რომ ეს ხვალ უნდა გაკეთდეს”, - განაცხადა მან ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.

ბერძენიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემებიც იქნა განხილული.

”ვისაუბრეთ იმაზეც, რომ უნდა შეიქმნას ქვეყანაში ეროვნული უმცირესობის ინტეგრირების უკეთესი პირობები, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში მათი ინტეგრაციის áƒ©áƒáƒ—ვლით. ასევე პოლიტიკური პლურალიზმისთვის ხელსაყრელი საკნონმდებლო ბაზა უნდა შეიქმნას”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა ”ძალიან ღია და ძალიან გულწრფელი იყო”.

”არის მზაობა, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით იყოს ღია დიალოგი პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის.  მე ვთვლი, რომ შეხვედრა იყო პოზიტიური და პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა ასეთი შეხვედრების გაგრძელების”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

Civil.Ge © 2001-2025