სააკაშვილი რეგიონალური სარკინიგზო პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Feb.'07 / 22:02

ახალი სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო-ახალქალაქი-ყარსი აზიას დააკავშირებს ევროპასთან და ”პრაქტიკულად ამით ხდება აბრეშუმის გზის თანამედროვე ვარიანტის ჩამოყალიბება”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან და თურქეთის პრემიერ-მინისტრთან თბილისში 7 თებერვალს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ თბილისს არ სურს რეგიონულ თანამშრომლობაში რომელიმე ქვეყანა იზოლირებული იყოს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოგანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თბილისს 7 თებერვალს ესტუმრნენ. სამმა ლიდერმა ხელი მოაწერა რეგიონული თანამშრომლობის ერთობლივი ხედვის შესახებ დეკლარაციას.

ასევე აზერბაიჯანისა და თურქეთის ტრანსპორტის მინისტრებმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ხელი მოაწერეს ბაქო-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას.

საქართველომ და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს დამატებით შეთანხმებას  რეგიონული რკინიგზის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით საქართველოსთვის 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობით 25 წლიანი სესხის გამოყოფის თაობაზე. სესხის დაფარვას საქართველო რკინიგზის ამოქმედებიდან მიღებული შემოსავლებით გეგმავს.

”ეს არის პირველი გრანდიოზული პროექტი, რომელსაც შეხება აქვს უბრალო მოქალაქეებთან და რომელიც ახდენს გეოპოლიტიკურ გადატრიალებას ჩვენ რეგიონში იმიტომ, რომ იხსნება სრულიად ახალი, სრულიად სტრატეგიული დამაკავშირებელი ხაზი არა მხოლოდ ამ სამი ქვეყნის, არამედ ცენტრალური აზიას, ჩინეთს და ევროპის რეგიონების ერთმანეთთან”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

მისი თქმით, პროექტში დაიხარჯება ”რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი”, მაგრამ  ”მოიტანს  მილიარდობით დოლარის შემოსავალს” პერსპექტივაში. 

”თუ აქამდე  საქართველო ჩაკეტილი იყო რუსეთის რკინიგზის გადაკეტვის გამო, 2010 წლისთვის საქართველოს რკინიგზა ჩიხიდან გადაიქცევა  ევროპის რკინიგზის შემადგენელ ნაწილად”, - განაცხადა სააკაშვილმა.

სამხრეთ კავკასიაში ახალი სარკინიგზო მარშრუტის მშენებლობას სომხეთი წინააღმდეგობას უწევს იმ მოტივით, რომ ეს კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევს ქვეყანას. ყარსი–ახალქალაქი–ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის სანაცვლოდ, ერევანი უკვე არსებული ყარსი–გიუმრი–თბილისის რკინიგზის გახსნის ინიციატივით გამოდის, რომელიც ამჟამად უმოქმედოა თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთისთვის გამოცხადებული ბლოკადის გამო.

თავის დღევანდელ გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ არ სურს სომხეთი რეგიონული თანამშრომლობის პროცესების მიღმა დარჩეს.

”ჩვენი ინტერესია, რომ ყველა მეზობელთან გვქონდეს თანასწორუფლებიანი, თანაბარი, მეგობრული, გამჭვირვალე ურთიერთობები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის არცერთი ქვეყანა არ იყოს იზოლირებული, არცერთი ქვეყანა არ დარჩეს თამაშგარე მდგომარეობაში. áƒ©áƒ•áƒ”ნ, რა თქმა უნდა, áƒ’ვინდა თანასწორუფლებიანი, ახლო კეთილმეზობლური ურთიერთობები ასევე ჩვენ მეზობელ სომხეთთან და ჩვენ გვინდა განვითარება”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. 

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს არ აქვთ სხვა ალტერნატივა, თუ არა მეგობრული ურთიერთობების დამყარება ერთმანეთთან.

 

Civil.Ge © 2001-2024