სტრასბურგის სასამართლოში დეპორტირებულებზე სარჩელის შეტანის საკითხი კვლავ გაურკვეველია
/ 13 Feb.'07 / 23:42
სივილ ჯორჯია

მარტის ბოლოს იწურება ვადა, როცა საქართველოს შეუძლია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთიდან დეპორტირებულთა საკითხებზე სარჩელი შეიტანოს, აცხადებენ საქართველოს ოფიციალური პირები.

თუმცა ამ საკითხზე საქართველოს მთავრობა სიფრთხილეს იჩენს და თავს იკავებს კონკრეტული ვადების დასახელებისაგან.

”სარჩელზე მუშაობა გაგრძელდება მანამ, სანამ არ გვექნება მტკიცებულებები სრულყოფილად. ჩვენი ამოცანა დღეს არის არსებული ფაქტები გავამაგროთ მტკიცებულებებით. მე ვერ დავუშვებ იმას, რომ სარჩელი შევიტანოთ და ჩვენ ეს საქმე ვერ მოვიგოთ”, - განაცხადა 13 თებერვალს იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ დეპორტირებულთა საკითხების შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

სარჩელს იუსტიციის სამინისტრო 450-მდე რუსეთიდან დეპორტირებული ადამიანის ინფორმაციაზე დაყრდნობით ამზადებს. საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას, მათ შორისაა კოლექტიური გაძევების აკრძალვა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, დისკრიმინაცია. სარჩელის მომზადებაში იუსტიციის სამინისტროს მაღალკვალიფიციური ბრიტანელი იურისტები უწევენ დახმარებას.

”ძნელად მოსაპოვებელია ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ხელმოწერილია რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებში, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტაცია... არ მინდა ისე გამიგოთ, რომ ჩვენ მტკიცებულებები არ გვაქვს. საკმარისი მტკიცებულებები გაგვაჩნია, თუმცა აუცილებელია მეტი”, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა და აქვე დასძინა, რომ საქმის ”პოლიტიკური მხარე უნდა გაიმიჯნოს სამართლებრივი მხარისაგან”. 

საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის ნიკა გვარამიას განცხადებით, სრულიად გასაგებია ის სიფრთხილე, რომელსაც მთავრობა იჩენს მტკიცებულებების მაღალ სტანდარტების თაობაზე, თუმცა მეორეს მხრივ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მტკიცებულებების წყარო არის რუსეთი, ”რომელსაც ჩვენ ვადანაშაულებთ კონკრეტული  ქმედებების განხორციელებაში”. 

”როგორც არ უნდა ვეცადოთ, რომ სარჩელის პოლიტიკური მომენტებისაგან გავფილტროთ, ევროპის სასამართლო პოლიტიკური კონიუქტურის გავლენის ქვეშ მყოფი ორგანოა და მისი საბოლოო გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხევევაში პოლიტიკური იქნება”, - განაცხადა გვარამიამ.

დეპუტატები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან ერთსულოვანნი არიან იმ საკითხში, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აუცილებლად უნდა áƒ’ასაჩივრდეს რუსეთში საქართველოს მოქალაქეთა უფლებების შელახვის ფაქტები.
 
ამისთვის ორი გზა არსებობს: ინდივიდუალური სარჩელები და სახელმწიფო სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სარჩელი მოქალაქეს შეუძლია პირდაპირ áƒ¨áƒ”იტანოს სტრასბურგში, რუსეთის სასამართლო ინსტანციებში პროცედურების გავლის გარეშე

დეპუტატები მოუწოდებენ მთავრობას წაახალისონ ინდივიდუალური სარჩელების მომზადება.

”პირადად ჩემი პოზიციაა, რომ ინდივიდუალური სარჩელების მომზადებას ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტრომ გაუწიოს”, - განაცხადა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა კომისიის სხდომაზე.

იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს  ”შეძლებისდაგვარად” დახმარება გაუწიოს ნებისმიერ დეპორტირებულს, რომელიც მოინდომებს ევროპის სასამართლოში სარჩელის შეტანას. თუმცა მინისტრი აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ტიპის სარჩელების სახელმწიფოს მხრიდან ღია მხარდაჭერას სტრასბურგის სასამართლო არ მიესალმება.

”უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლო სახელმწოფოთა შორის საქმეს გაცილებით მაღალ მოთხოვნებს უყენებს, ვიდრე ინდივიდუალურ სარჩელებს”, - დასძენს გია ქავთარაძე

იმავდროულად, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ფაქტიურად დაასრულა მუშაობა დასკვნის პროექტზე, რომელსაც 16 თებერვალს წარუდგენს პარლამენტს.

წინასწარი ინფორმაციით, დეპუტატების დასკვნა საკმაოდ მკაცრი იქნება, სადაც ნიკა გვარამიას განცხადებით, სავარაუდოდ აისახება მთავრობის მიმართ რეკომენდაცია სარჩელის სტრასბურგის სასამართლოში შეტანასთან დაკავშირებით.

რუსეთში ქართველების დეპორტაციამ მასიური ხასიათი გასული წლის ოქტომბრიდან რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების განსაკუთრებით გამწვავების შემდეგ მიიღო.

დღემდე რუსეთიდან, ოფიციალური ინფორმაციით, 2380 საქართველოს მოქალაქე იქნა გამოძევებული, დეპორტაციის თაობაზე კი 4634 სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს

რუსეთის ფედერაციაში საქართველოს კონსულის ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ბოლო 4 თვის განმავლობაში დეპორტაციის პროცესში საქართველოს სამი მოქალაქე გარდაიცვალა უკანასკნელ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 25 იანვარს, როცა ქალაქ ენგელსში დეპორტაციის მოლოდინში საქართველოს მოქალაქე ზურაბ მუზაშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გარდაიცვალა.

თუმცა პატარაძე იმასაც აღნიშნავს, რომ 2007 წლიდან რუსეთში საქართველოს მოქალაქეების მიმართ დევნის ფაქტებმა საგრძნობლად იკლო.

 

Civil.Ge © 2001-2024