უმრავლესობამ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Feb.'07 / 20:15

საპარლამენტო უმრავლესობამ არ დააკმაყოფილა ოპოზიციონერი კანონმდებლების წინადადება სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც სანდრო გირგვლიანის და ამირან რობაქიძის მკვლელობის გახმაურებულ საქმეებს გამოიძიებდა.

წინადადება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე 30 ხმით 26-ის წინაღმდეგ ჩავარდა.  

ორივე დანაშაულის ფაქტზე გირგვლიანის და რობაქიძის ნათესავები, ადამიანის უფლებათა დამცველები და სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ გამოძიებამ დამალა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მონაწილეობა ორივე საქმეში.

”საზოგადოებას აქვს კითხვები ამ საქმეებთან დაკავშირებით, რომელთაც პასუხის გაცემა სჭირდება. მაგრამ გენერალური პროკურატურა ამ კითხვებზე პასუხს ვერ სცემს. ამდენად, საჭიროა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც გასცემს პასუხს ყველა კითხვაზე”, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კახა კუკავამ პარლამენტის სხდომაზე.

”ამ ინიციატივის წინააღმდეგ ხმის მიცემით, თქვენ ხაზს ავლებთ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ამ კომისიის შექმნით, თქვენ ძალიან დადებით ტენდენციას შეუწყობთ ხელს”, - მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოკა გუნცაძემ დეპუტატებს ნაციონალური მოძრაობიდან.

”ეს არ იყო ჩვეულებრივი მკვლელობის შემთხვევები. ეს არის ისტორიული ფაქტი. გავა წლები, მაგრამ ეს საქმეები დარჩება როგორც სამარცხვინო ლაქა ჩვენს ისტორიაში და თითოეული პირის პოზიცია, თითოეული ჩვენგანის პოზიცია ამ საქმეების მიმართ მნიშვნელოვანია. თქვენი თანხმობა და წინააღმდეგ მიცემულ ხმა უჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას ამ საქმეების მიმართ”, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა.

დეპუტატები მმართველი პარტიიდან ოპოზიციონერ კანონმდებლებთან დებატებში არ ჩართულან. 

თუმცა, მოსმენის წინ უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი ენდობიან გენერალური პროკურატურის დასკვნებს.

”თუ ჩვენ დავთანხმდებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩვენ არ ვენდობით გენერალურ პროკურატურას და სასამართლო სისტემას”, - განაცხადა დეპუტატმა ნიკა გვარამიამ მმართველი პარტიიდან.  

 

 

Civil.Ge © 2001-2021