ლუსტრაცია სტალინზე დებატების ფონზე
/ 17 Feb.'07 / 17:13
სივილ ჯორჯია

სტალინის ქანდაკება გორში.
პარლამენტში ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებასთან ერთად მმართველმა უმრავლესობამ ყველასთვის მოულოდნელად გააკრიტიკა ტელეკომპანია ”რუსთავი 2” იმ ”სამარცხვინო მცდელობისთვის”, რომ წარმოეჩინა იოსებ სტალინი როგორც ”ძლიერი ქართველი პოლიტიკოსი”. 

16 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის მიერ ინიცირებული ლუსტრაციის კანონპროექტი განიხილა, რომელიც საბჭოთა წარსულს უარყოფით შეფასებას აძლევს და იმ პირებს, ვინც ყოფილ საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ,  სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურს უკრძალავს.

ოპოზიციონერი დეპუტატები ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტიდან”, რომლებიც ამ პროექტს 2005 წლის დეკემბრიდან ლობირებენ, აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღებას შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყვეს, მას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რაც საბჭოთა წარსულის ნეგატიურ შეფასებას უკავშირდება. 

პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებამ  ჯერ კიდევ 2004 წლის თებერვალში მაშინ, როდესაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით, დადო პირობა, რომ მიიღებდა კანონს ლუსტრაციის შესახებ,.

დეპუტატები მმართველი პარტიიდან აცხადებენ, რომ კანონპროექტის შემოთავაზებული ვარიანტი არ იქნება ეფექტური, რადგანაც უშიშროების ყოფილი აგენტების სია ამჟამად მოსკოვშია და ის საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუწვდომელია.

”ჩვენ ლუსტრაციის კანონის წინააღმდეგი არ ვართ. ჩვენ მხოლოდ ვამბობთ, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი არ უზრუნველყოფს ეფექტურ მექანიზმებს კანონის განსახორციელებლად... ამგვარად, ეს მიგვიყვანს ისეთ სიტუაციამდე, როდესაც ისინი [ყოფილი აგენტები], რომელთა შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომია [თბილისში] გამოვლინდებიან, ხოლო ისინი, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მიუწვდომელია, ვერ გამოვლინდებიან”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ 16 თებერვალს.

თუმცა, როგორც ჩანს, დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ყოყმანის მთავარი მიზეზი მმართველი პარტიის შიგნით არსებული უთანხმოებაა.

დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობიდან პარლამენტში გამართულ კენჭისყრამდე განაცხადა, რომ პირადად ის მხარს უჭერს ”უფრო რადიკალურ” კანონს ლუსტრაციის შესახებ, თუმცა დასძინა, რომ ამ საკითხზე ”დისკუსია საპარლამენტო  უმრავლესობის შიგნით ჯერ არ დასრულებულა.”

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ამ მოწვევის პარლამენტი ლუსტრაციის თემას ისევ დაუბრუნდება.  მოქმედ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა 2008 წლის ბოლოს ეწურება.

თავის გამოსვლაში ბოკერიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის შიგნით არ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა საქართველოს საბჭოთა წარსულის შეფასების კუთხით.

”საქართველო არასდროს არ დაუბრუნდება იმ დროს და ეს ნათელია”, - განაცხადა ბოკერიამ.

”სხვათაშორის, აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი პირადი აღშფოთება გამოვხატო ერთ უცნაურ საჯარო მოვლენასთან დაკავშირებით... ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი წამყვანი ტელემაუწყებლის ეთერში მიმდინარეობდა პრომოუშენი სერიაალისა სტალინზე, სადაც ჩემთვის ძალიან გასაოცრად, როგორც [სიუჟეტის] ავტორმა, ისე ამ არხის ხელმძღვანელმა გააკეთა ჩემი აზრით სკანდალური განცხადება, რომ ეს სერიალი თურმე არის გარღვევა, რომ როგორც იქნა, თურმე, დაინგრა მითი სისხლიანი ტირანის შესახებ და გაირკვა, რომ ის იყო ძლიერი ქართველი პოლიტიკოსი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის ვერ დავუშლით, რომ ჰქონდეს განსხვავევული აზრი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არის სამარცხვინო განცხადება და იმსახურებს ძალიან მკაცრ შეფასებას. ჩვენი ვალია და უფლებაა, რომ შევაფასოთ ეს სამარცხვინო განცხადება”, - განაცხადა ბოკერიამ.

კვირის დასაწყიში ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა დაიწყო სერიალის ჩვენება ”სტალინი LIVE”, რომლის პრემიერაც რუსული ტელეკომპანიის НТВ-ს ეთერით იანვარში შედგა. სერიალში ნაჩვენებია იოსებ სტალინის ცხოვრების უკანასკნელი თვე, რომელიც იხსენებს განვლილ გზას და ბოლოს მონანიებამდე მიდის.

”რუსთავი 2”-მა ფილმს 14 თებერვალს საინფორმაცია გადაცემა ”კურიერში” სარეკლამო სიუჟეტი მიუძღვნა.

”ეს ფილმი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რაზე ფიქრობდა სტალინი, ვინ სძულდა და ვინ უყვარდა; ასევე გავიგოთ იყო თუ არა სტალინი მართლა ასეთი ცუდი როგორც ჩვენ ამდენი წლები თავში გვიჭედავდნენ; თურმე ეს ყველაფერი ასე არ ყოფილა”, - განაცხადა ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა კობა დავარაშვილმა სიუჟეტში.

გიგა ბოკერიას კრიტიკის საპასუხოდ, 16 თებერვალს ”კურიერმა” ამ საკითხს  5-წუთიანი საეთერო დრო დაუთმო, სადაც ითქვა, რომ ”იმ ქართველების თაობა, რომლებიც სტალინს აიდეალებენ, საქართველოში კვლავ ცოცხალია”.

”სტალინის სახელი საუკუნეების მანძილზე დარჩება, ბოკერიასი კი მხოლოდ მომავალ არჩევნებამდე”, - განაცხადა ხანში შესულმა მამაკაცმა ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.

სიუჟეტის ავტორმა, ჟურნალისტმა დავით ნიკურაძემ განაცხადა, რომ ის შორსაა იმ აზრისგან, რომ დაიცვას სტალინი, ”მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ დასავლურმა კამპანიამ დიდად შეუწყო ხელი” სტალინის საწინააღმდეგოდ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. ”და ეს გასაკვირი არც არის დასავლეთი სტალინს ხომ ყველა ბოროტების სათავედ მიიჩნევდა,” დასძინა მან. 

Civil.Ge © 2001-2024