იპოდრომი და ფოსტის შენობა თბილისში აუქციონზე გაიყიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Mar.'07 / 12:04

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ 9 მარტს გამართულ აუქციონზე თბილისის იპოდრომის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი 1,2 ჰექტარი მიწის ფართობი 10 მლნ 20 ათას დოლარად შპს ”ჟოკეი კლუბმა”, 1998 წლიდან იპოდრომის დიდი ნაწილის მფლობელმა áƒ˜áƒ§áƒ˜áƒ“ა.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ”ჟოკეი კლუბმა” ოთხი წლის განმავლობაში თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე 30 ჰექტარი მიწის ფართობზე უნდა უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტების ახალი იპოდრომის გაშენება, რაზეც 5-7 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

”ჯოკეი კლუბი” ასევე ვალდებულებას იღებს თბილისის იპოდრომის ტერიტორიის დაახლოებით 20 ჰექტარი მიწის ფართობზე გამწვანება და თანამედროვე ტიპის პარკი გააშენოს.

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანასწორობის ინსტიტუტი”, რომელმაც 9 მარტს გამართული აუქციონი გააპროტესტა, აცხადებს, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე იგეგმება მასიური მშენებლობა და მწვანე ნარგავების განადგურება, რაც გააუარესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას თბილისში.

9 მარტს აუქციონის წესით ეკონომიკის სამინისტრომ ასევე გაყიდა რუსთაველის გამზირზე მდებარე ფოსტის შენობა 18 მლნ 100 ათას დოლარად. შენობა შპს ”ეფ ტელეკომმა” იყიდა.

 

Civil.Ge © 2001-2024