თბილისი მოსკოვსა და სოხუმს ზემო აფხაზეთის დაბომბვაში ადანაშაულებს
/ 12 Mar.'07 / 14:14
სივილ ჯორჯია
ჩხალთაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის
შენობა შეტევის შედეგად დაზიანდა.
ფოტო: აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა.
ოფიციალური თბილისის განცხადებით, გასულ ღამეს ზემო კოდორის ხეობა რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებმა და აფხაზურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დაბომბეს.

რუსეთის და აფხაზეთის მხარეებმა უკვე უარყვეს ეს განცხადება და მას პროვოკაცია უწოდეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ნიკოლეიშვილმა 12 მარტს განაცხადა, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთის ფედერაციიდან შემოფრინდნენ და ზემო კოდორის ხეობის სოფლებს გაუხსნეს ცეცხლი. თუმცა, მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის მეთაურმა მალხაზ აქიშბაიამ განაცხადა, რომ სოფლებს აჟარას და ჩხალთას ვერტმფრენებიდან და ”გრადი” ტიპის დანადგარებიდან გაუხსნეს ცეცხლი ტყვარჩელის მხრიდან.

”ეს იყო ადგილობრივი მოსახლეობის დატერორების მცდელობა და ასევე აფხაზური მხარის მცდელობა სამშვიდობო პროცესიდან გამოსასვლელად”, - განაცხადა აქიშბაიამ.

თუმცა, თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 12 მარტს ტელეკომპანია ”იმედს” განუცხადა, რომ აფხაზ მებრძოლებს არაფერი აქვთ საერთო ინციდენტთან. მისი თქმით, ეს იყო ”ჩვეულებრივი შეტაკება” ემზარ კვიციანის áƒ›áƒáƒ›áƒ®áƒ áƒ”ებსა და კოდორის ხეობაში განთავსებულ ქართულ ძალებს შორის.

”ამგვარი შეტაკებები ხეობაში დროდადრო ხდება. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ბოლო შემთხვევაში ამან გაცილებით ინტენსიური ხასიათი მიიღო. გაზაფხული მოდის და [აჯანყებულები] სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააქტიურდებიან”, - განაცხადა შამბამ.

აფხაზეთის რუქა (გაერო).
ფართო ფორმატით სანახავად დააკლიკეთ სურათზე.
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ ინციდენტის უკან შესაძლოა კვიციანის მებრძოლები იდგნენ. 

”ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ზემო კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების თაობაზე. შემიძლია მხოლოდ განვაცხადო, რომ აფხაზურ შეიარაღებულ ძალებს არ უსვრიათ და ჩვენ ვერტმფრენებს რაიმე ფრენები არ განუხორციელებიათ”, - განუცხადა სერგეი ბაღაფშმა ”ინტერფაქსს”.

მან ასევე აღნიშნა, რომ სოხუმისა და მოსკოვის დადანაშაულების ნაცვლად, თბილისმა უმჯობესია კოდორის ადგილობრივი მოსალეობისა და ემზარ კვიციანის საკითხი მოაგვაროს.

”ჩვენ რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, რომ გაზაფხულზე დაძაბულობა იყო მოსალოდნელი”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, გაეროს დამკვირვებლები და რუსი სამშვიდობოები უნდა ჩავიდნენ კოდორში 12 მარტს და ვითარებას ადგილზე გაეცნონ.

რუსეთმა ასევე კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია.

”საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ზემო კოდორის ხეობის სოფლების ჩხალთას, აჟარასა და ღენწვისის ვერტმფრენიდან დაბომბვის თაობაზე, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის ტერიტორიიდან შეფრინდა, სხვა არაფერია თუ არა პროვოკაცია”, - იუწყება 12 მარტს ”რია ნოვოსტი” რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლის ალექსანდრე დრობიშევსკის სიტყვებზე დაყრდნობით.   

ზემო კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის ძირითად წყაროს საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს. 

გასული წლის ოქტომბერში სოფელ აჟარას მახლობლად ”გრადის” ტიპის ყუმბარები აფეთქდა. ქართულმა მხარემ მაშინაც აფხაზური მხარე დაადანაშაულა ტყვერჩელის მხრიდან ცეცხლის გახსნაში.

თუმცა, გაეროს დამკვირვებლებმა გამოიძიეს ინციდენტი და განაცხადეს, რომ ყუმბარების აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან  გასროლა შეუძლებელი იქნებოდა. მათი თქმით, ყუმბარები ახლომდებარე მთის ფერდობებიდან იქნა ნასროლი.    

ამავდროულად, დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მი-24 ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის სამივე წევრი  - გიორგი ლონდარიძე, გაგა ტყემალაძე და სერგო ღვალაძე  - დაიღუპა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ნიკოლეიშვილმა ეს ინციდენტი კოდორში განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა. მისი თქმით, ვერტმფრენი დასავლეთ საქართველოსკენ მიფრინავდა კოდორში მომხდარი ინციდენტის შემდეგ. მისი თქმით, კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო.
 
ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ძალები, ისევე როგორც საჰაერო ძალები ყაზარმული მდგომარეობაზეა გადაყვანილი.

Civil.Ge © 2001-2024