სააკაშვილი საპარლამენტო მოხსენებაში ახალ ინიციატივებზე საუბრობს
/ 16 Mar.'07 / 10:39
სივილ ჯორჯია

15 მარტს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრა საგადასახადო რეფორმის ახალ გეგმებზე და თბილისის განზრახვაზე დაიწყოს სამხრეთ ოსეთის ”ალტერნატიულ ხელისუფლებასთან” ოფიციალური მოლაპარაკებები.  

თავის საათნახევრიან გამოსვლაში პრეზიდენტმა ძირითადად ისაუბრა 2006 წლის მიღწევებზე და მას ”დიდი გამოწვევების და უდიდესი გამარჯვებების” წელი უწოდა. მისი თქმით, ის წელში გამართული დგას პარლამენტის ტრიბუნასთან, რადგანაც ხალხისთვის მიცემული დაპირებების უმეტესობა შესრულებულია.

საგადასახადო რეფორმა

სააკაშვილმა საგადასახადო სისტემაში რეფორმების გეგმებზე ისაუბრა. ამ რეფორმის თანახმად, იგეგმება რამდენიმე გადასახადის შემცირება, ასევე დამოუკიდებელი საგადასახადო არბიტრაჟის შემოღება. 

მისი თქმით, 2008 წლიდან მთავრობა მზად არის შეამციროს მოგების გადასახადი 20%-დან 15%-მდე.

ასევე იგეგმება საშემოსავლო და სოციალური გადასახადების გაერთიანება, რომლებიც ამჟამად 12% და 20%-ს შეადგენს შესაბამისად.

”მე უკვე დავავალე მთავრობას, რომ დაიწყოს მუშაობა, რათა 12%-იანი საშემოსავლო და 20%-იანი სოციალური გადასახადის ნაცვლად, რომელთა ჯამი შეადგენს 32%-ს, შედგეს ერთი ჯამური გადასახადი და დაიწიოს ის 25%-მდე”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

მისი თქმით, ეს ახალი ინიციატივა იქნება იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელიც მისმა ადმინისტრაციამ ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც 2005 წლიდან ძალაში შევიდა ახალი შემცირებული გადასახადები.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე მთავრობამ გადასახადები 40%-ით შეამცირა, ასევე შემცირებულ იქნა საბაჟო ტარიფებიც.

”მაგრამ კორუფციის დაძლევის და კარგი ადმინისტრირების ხარჯზე საგადასახადო და საბაჟო შემოსავლები ქვეყანაში გაიზარდა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.    

მისი თქმით, საგადასახადო რეფორმა ასევე ითვალისწინებს ახალი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას უცხოელი მოსამართლეების მონაწილეობით, რომლებიც საგადასახადო დავებს მოაგვარებენ.

”ჩვენ გვინდა საგადასახადო დავები შემსწავლელი კომისია შევქმნათ და ამ კომისიამ უნდა ყველა ეკონომიკური დავა გადაწყვიტოს და ჩვენ მოვიწვევთ აქ უცხოელ მოსამართლეებს.... ვმუშაობთ ამაზე ევროკავშირის ქვეყნებთან... და ეს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ეკონომიკურ დავებში”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სეპარატისტული კონფლიქტები  

თბილისი მზად არის დაიწყოს ოფიციალური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ ხელისუფლებასთან, რომელსაც სათავეში დიმიტრი სანაკოევი უდგას, თუმცა ასევე მზად არის ესაუბროს ”კონფლიქტის უკლებლივ ყველა მხარეს”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

მისი თქმით, შარშანდელი წელი, როცა ნოემბერში სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო და ალტერნატიული არჩევნები პარალელურად გაიმართა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ცხინვალის მოსახლეობისათვის, რადგან ”მათმა თავისუფალმა ნაწილმა მოახდინა იმის დემონსტრაცია, რომ ენდობა ადგილობრივ ეთნიკურ ოს ლიდერებს”.

”აი შეიქმნა დიმიტრი სანაკოევის მოძრაობა, ქარქუსოვი და სხვები არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე წარმოადგენდნენ წინა ხაზს [საქართველოს] ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ დღეს როდესაც მათი პროგრამა გულისხმობს მშვიდობიან თანაცხოვრებას ერთიანი საქართველოს ფარგლებში, ბუნებრივია ეთნიკური ოსების ინტერესთა დაცვის სრული გარანტიით. ამის გამო მათ მოახერხეს რეგიონში მცხოვრებ ქართველებთან საერთო ენის გამონახვა, რაც არის უნიკალური რამ  საერთოდ კონფლიქტების ისტორიაში და მე მგონი ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

”მე მგონი ჩვენ უნდა განვაცხადოთ იმის შესახებ, რომ მზად ვართ დავიწყოთ ოფიციალური ურთიერთობები და მოლაპარაკება სანაკოევის მოძრაობასთან და მზად ვართ ყველას ვაჩვენოთ, თუ როგორი მტკიცეა ქართველი და ოსი ხალხის ნამდვილი ძმობა და ნამდვილი წრაფვა მშვიდობიანი და წარმატებული მოძრაობისკენ და ჩვენ ამას უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ”, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სავარაუდოდ, ამგვარ განცხადებას უარყოფითი რეაქცია მოყვება ცხინვალის და მოსკოვის მხრიდან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებები აწარმოოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან.

”მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ველაპარაკებით ჩვენ მოქალაქეებს და არა რაღაც დაჯგუფებას, რომელსაც მონოპოლიზირებული აქვს ყველა ადამიანის სახელით ლაპარაკი, მითუმეტეს ისეთ ხალხს ვინც ქადაგებს ძალადობას”, - დასძინა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას ”ბრიყვული” უწოდა ტერმინებს ”ქართულ-აფხაზური” და ”ქართულ-ოსური კონფლიქტები”.

”რას ნიშნავს ქართულ-ოსური კონფლიქტი. ვინ არის მეორე მხარე? [იური] მოროზოვი [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე] არის ოსური მხარე? თუ ბატონი  [ანატოლი] ბარანკევიჩი [დე ფაქტო თავდაცვის ყოფილი მინისტრი]არის ოსური მხარე?, თუ ის ოფიცრები, რომლებიც იქ არიან წარმოდგენილი. თუ დიმიტრი სანაკოევია[ალტერნატიული პრეზიდენტი] ოსური მხარე და არსებობს თუ არა საერთოდ ოსური და ქართული მხარეები?... არ არსებობს ქართულ-ოსური კონფლიქტი და  ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის იმპერიული იდეოლოგების და ტექნოლოგების ერთ-ერთი მორიგი მონაჩმახი”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, იგივე ეხება აფხაზეთის შემთხვევასაც, რადგანაც მალხაზ აქიშბაია, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი, ეთნიკური აფხაზია.

”ის ხალხი 500 ათასი ადამიანი, იმიტომ, რომ  600 ათასამდე იყო აფხაზეთის მოსახლეობა, 100 ათასზე ნაკლების რჩება ახლა იქ, რომელიც გამოაძევეს აფხაზეთიდან, არის თუ არა აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობა, რა თქმა უნდა არის აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობა”, - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ”არაეფექტურს” და ”დისკრედიტირებულს” უწოდებს არსებულ მოლაპარაკებების ფორმატებს, სადაც დომინანტური პოზიცია რუსეთს უკავია და აცხადებს, რომ აუცილებელია არსებული მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლა მხარეებს შორის კონსულტაციებით.

”ჩვენ ასევე გვინდა ამ ყველაფერში ევროპული ინსტიტუტების, ამერიკის შეერთებული შტატების ბევრად უფრო აქტიური მონაწილეობა. დღევანდელი სამშვიდობო ფორმატი არის დისკრედიტირებული არაეფექტური და ყველა ხვდება, რომ მისი შენარჩუნება ამ ფორმით არის პრაქტიკულად შეუძლებელი და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ყველასთან კონსულტაციით წყნარი გადასვლა ბევრად უფრო მოქნილ, ბევრად უფრო ეფექტურ ფორმატზე”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართული მხარე ხელს უწვდის ეთნიკურ აფხაზ და ოს ხალხს და სთავაზობს ”ევროპული სტანდარტების შესაბამისად ავტონომიის უმაღლესს ხარისხს”.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ ”საკმარისი მოთმინება და მოქნილობა” უნდა გამოიჩინოს პროვოკაციების და დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად.

სააკაშვილის განცხადებით, 2006 წელი ”მნიშვნელოვანი ეტაპი” იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში, რადგანაც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი დამყარდა ზემო კოდორის ხეობაზე. 

”ის რაც ასე უხეთქავს გულს  საქართველოს მოწინააღმდეგეს, იმიტომ რომ საქართველოსთვის იყო გაწერილი სცენარები, როგორ უნდა მომხდარიყო გარიგება... მათ უნდოდათ რომ შეექმნათ იქ დაქუცმაცების ახალი კერა და ამის ნაცვლად, ნგრევის ნაცვლად მიიღეს კერა აღმშენებლობის და განვითარების. მათ უნდოდათ ბანდიტების ბოგინი იქ და მიიღეს ზემო აფხაზეთში გადასული აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა სოხუმში გზად მიმავალი”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სასამართლო სისტემის რეფორმა

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კორუფციის აღმოფხვრით დასრულდა სასამართლო სისტემის რეფორმის პირველი ეტაპი და იწყება მეორე ეტაპი, როცა გარედან ჩარევა არ იქნება საჭირო ამ სისტემის ფუნქციონებისთვის.

”მოდაშია სასამართლო სისტემის კრიტიკა და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი... მაგრამ დღეს მთლიანობაში სასამართლო სისტემაში კორუფცია აღარ არის და ეს არის ჩვენი საერთო მიღწევა და ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი სასამართლო რეფორმაში... და შემდეგი ეტაპი ეს არის უკვე ისეთი პრესტიჟის და თვითრეგულირების მექანიზმის შექმნა, როცა ჩამოყალიბდება შეგნება იმისა, რომ არ არის გარედან ჩარევა საჭირო ამ სისტემის ფუნქციონირებისთვის”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, მომავალი წლიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შემოდის და ”საზოგადოება აიღებს სამოქალაქო პასუხისმგებლობას და უნდა ვირწმუნოთ, რომ კარგად გაართმევს თავს”. 

2007 წლის თებერვალში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად áƒ¡áƒáƒ–ოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, რომელიც USAID-ის დაფინანსებითა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარდა, სასამართლოების მიმართ ნდობის ხარისხმა 23% შეადგინა. თექვსმეტი უწყების სიაში მან მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა. სიაში პირველი ადგილი მართლმადიდებლურ ეკლესიას უკავია, რომელსაც არმია, მედია და პოლიცია მოჰყვება.   

ანტინარკოტიკული კამპანია

სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში დანაშაულის დონე შემცირდა, რადგანაც გასულ წელს ”ჩვენ დანაშაულს ნულოვანი ტოლერანტობა გამოვუცხადეთ”.

მისი თქმით, კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლამ საქართველოს ციხეებში პატიმრების რაოდენობის ზრდამდე მიგვიყვანა, თუმცა, მისი თქმით, მთავრობამ უნდა გააუმჯობესოს პენიტენციალურ სისტემაში არსებული პირობები.  

”ქურდული გაგების ქვეყნის ნაცვლად, ჩვენ ახალა ვცხოვრობთ ახალ საქართველოში, რადაც ქურდული სამყარო არის წელში გატეხილი.”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ ბრძოლა ამიერიდან მთავარი საკითხი გახდება.

მისი თქმით, ამ კამპანიის ფარგლებში უახლოეს ხანებში შევა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადები, რომლითაც მოხდება ნარკოტიკების გამსაღებელთა ქონების კონფისკაცია.

”მე გთავაზობთ, რომ ჩვენ მივიღოთ კანონი, რომლითაც ნარკოტიკების გამავრცელებლები არა მხოლოდ ჩადჯებიან ციხეებში, არამედ ჩვენი მოქალაქეების გაუბედურებით მოპოვებული მათი ქონება იქნება მთლიანად ჩამორთმეული”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ეკონომიკური/სავაჭრო ზრდა

სააკაშვილის თქმით, რუსეთის ეკონომიკური ემბარგოს მიუხედავად, 2006 წელი იყო ”შთამბეჭდავი 10%-იანი ეკონომიკური ზრდის” წელი.

”ჩვენი ტრადიციული ბაზარი [რუსეთი] მთლიანად დაიხურა ჩვენთვის; მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტისა, საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 2006 წელს 5 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 40%-ით აღემატება 2005 წლის მაჩვენებელს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, შარშან საქართველოს ექსპორტი ასევე გაიზარდა 15%-ით, რაც საქართველოს საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციის შედეგი იყო.

”ეს ნიშნავს, რომ საქართველომ მოახდინა სასწაული და ჩვენ შევძელით ჩვენი ექსპორტის დივერსიფიცირება”, - აღნიშნა მან. 

სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა თურქეთთან და ევროკავშირთან 40% და 45%-ით გაიზარდა შესაბამისად, ასევე ვაჭრობა გაორმაგდა უკრაინასთან და ყაზახეთთან.

”ვაპირებთ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი თურქეთთან, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მოგვცემს, რომ მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ და სავაჭრო ბარიერები აღმოვფხვრათ”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, 2006 წელი ”დიდი ინვესტიციების” წელი იყო. სულ 1.12 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია იქნა ჩადებული ქვეყანაში.   

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკაში მთავარ ინვესტორს ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს, მას კი მოყვებიან ევროკავშირის ქვეყნები.

”თუ ცოტა ხნის წინ ქართული ეკონომიკა ვლადიკავკაზის და ერგნეთის ბაზრობებზე კეთდებოდა, ეს ჩაანაცვლა ლონდონის საფონდო ბირჟამ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისი თქმით, 2006 წელი ”ახალი სამუშაო ადგილების შექმნის” წელი იყო. ”გასულ წელს 40 000 ახალი კომპანია შეიქმნა”, - განაცხადა პრეზიდენტმა და ასევე დასძინა, რომ გადამზადების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 10 ათასი ადამიანი დასაქმდა.

თავისუფალი ეკონომიკური ზონა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ”აქტიურ მუშაობას” იწყებს შავი ზღვისპირეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესაქმნელად.

”ჩვენ ვიწყებთ აქტიურ მუშაობას შავი ზღვისპირეთის რეგიონებში - გურიასა და სამეგრელოში - თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესაქმნელად. ამისთვის ჩვენ გავიზიარებთ დუბაის გამოცდილებას. ეს არის გარკვეულწილად გაბედული გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა გარკვეული რისკიც ახლავს. რა თქმა უნდა, გვჭირდება კანონის დაცვის მაღალი ხარისხი, რათა რამე იქ არ გაიპაროს, მაგრამ ჩვენ გვაქვს შანსი, ჩვენი მდგომარეობიდან და მდებარეობიდან გამომდინარე, რომ ათეულობით მილიარდი დოლარი მოვიზიდოთ უახლოეს ორ-სამ წელიწადში”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობის წევრები აქტიურად სწავლობენ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას ამ კუთხით.

”მე პირადად ვიყავი დუბაიში, ნაწილი [მთავრობის წევრებისა] იყო სინგაპურში, ჰონგ-კონგში. შესწავლილი გვაქვთ ეს გამოცდილება. საქართველოს აქვს ამის უნიკალური შანსი და ეს მოემსახურება არა მხოლოდ ფოთს áƒ“ა ამ შავი ზღვისპირეთს, ეს მოემსახურება უკლებლივ მთლიანად საქართველოს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

”ევროპა უპირველეს ყოვლისა”

პრეზიდენტის განცხადებით, ევროპისკენ სვლა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა.

”საქართველო ბრუნდება თავის ევროპულ ოჯახში. ჩვენ უბრალოდ ევროპელები არ ვართ, ჩვენ უძველესი ევროპელები ვართ... ევროპა ჩვენი მთავარი მიმართულებაა”, - áƒ’ანაცხადა სააკაშვილმა.

”ევროპა უპირველეს ყოვლისა - ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ლოზუნგი”, - დასძინა მან.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო განახორციელებს თავის სამოქმედო გეგმას ევროკავშირთან ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში და ”გვინდა, რომ გვქონდეს სრული კოორდინაცია [ევროკავშირთან] უსაფრთხოებაში, პოლიტიკასა და ეკონომიკაში”.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილზე და მიესალმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერ მემორანდუმს, რომელსაც წამყვანმა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის ოპოზიციურმა პარტიებმა, მოაწერეს ხელი.

არმია

სააკაშვილის განცხადებით, დღეს საქართველო მზად არის ”ნებისმიერ გამოწვევისთვის”, რადგანაც მას ბევრად უფრო ძლიერი არმია ჰყავს, ვიდრე 4-5 წლის წინ ჰყავდა.

”მინდა ყველამ გააცნობიეროს სხვაობა, რომელიც დღევანდელ და 4-5 წლის წინანდელ არმიაშია. 4-5 წლის წინ ჩვენ გვქონდა რაგატკები და ახლა გვაქვს საჰაერო დაცვის სისტემები. მაშინ იყო უიარაღო, ჩაუცმელი, უჭმელი არა მოტივირებული ჯარი ... ახლა არის უმაღლესი სტანდარტების გაწვრთნილი აღჭურვილი და მომზადებული, 10-ჯერ უფრო მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო ოფიცერთა რეკრუტირების პროგრამა. 

”ჩვენ გვჭირდება 1000 ახალი ინტელექტუალი შეიარაღებულ ძალებში უმაღლეს სასწავლებელ დამთავრებული ოფიცერი, რომელთაც გადავამზადებთ და რომელთაც ვაძლევთ შესაბამის სოციალურ გარანტიებს, ჩვენ უნდა შევქნათ ელიტური ოფიცერთა კორპუსი”, - განაცხადა სააკაშვილმა.

-------------------------------

მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოყვება 16 მარტს. ოპოზიციონერ დეპუტატების სურვილი იყო, რომ პრეზიდენტს უფრო მეტი ესაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე, ასევე დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია სანდრო გირგვლიანის და ამირან რობაქიძის  გახმაურებულ მკვლელობებზე.

 

 

Civil.Ge © 2001-2024