”სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის” შესახებ ზოგიერთი დეტალი გამჟღავნდა
/ 27 Mar.'07 / 16:26
სივილ ჯორჯია

თბილისმა შესაძლოა სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი ადგილობრივი ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დანიშნოს და ამით მას ოფიციალური სტატუსი მიანიჭოს. ადმინისტრაციული ერთეულის ჩამოყალიბება ცხინვალის რეგიონის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იგეგმება მას შემდეგ, რაც ამ ინიციატივას პარლამენტი დაუჭერს მხარს.

პრეზიდენტი სააკაშვილი 26 მარტს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ”დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის” შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ  კანონპროექტი დაწერილი სახით ჯერ არ არსებობს, ოფიციალურმა პირებმა 27 მარტს განმარტეს, რომ გეგმა ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთში ისეთი მექანიზმის შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს თბილისს ადგილობრივი ლიდერების საშუალებით რეგიონის ადმინისტრირება მოახდინოს.

”ჩვენ გვჭირდება ადგილზე ადმინისტრირება, მათ შორის აღმშენებლობის ადმინისტრირება. ჩვენ ვთანამშრომლობთ მოძრაობასთან ”სამხრეთ ოსეთის ხალხი მშვიდობისათვის”... სანაკოევს აქვს ლეგიტიმური უფლება წარმოადგინოს ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც ეთნიკური ქართული, ისე ოსური”, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 27 მარტს ჟურნალისტებს.

მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ”თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას”, რომელიც სანაკოევის გამოჩენის შემდეგ კონფლიქტის ზონაში გაჩნდა.

”წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება მშვიდობის დამყარება ამ რეგიონში”, - დასძინა ბეჟუაშვილმა.

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ 27 მარტს განაცხადა, რომ სანაკოევს ადმინისტრაციული მექანიზმები სჭირდება თავისი სამშვიდობო ინიციატივების განსახორციელებლად.

”რეგიონში შეიქმნა ახალი რეალობა. რამდენიმე ათასმა ადამიანმა, ეთნიკურმა ქართველმაც და ოსმაც, თავისი იმედები დაუკავშირა სანაკოევის მოძრაობას და აუცილებელი გახდა, რომ ამ მოძრაობისთვის გარკვეული ადმინისტრაციული ბერკეტების მინიჭება მოხდეს იმისათვის, რომ მან განახორციელოს მშვიდობიანი განვითარება იმ ადამიანებისთვის, ვინც გამოუცხადა ნდობა”, - განაცხადა ლომაიამ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა 27 მარტს განაცხადა, რომ პრეზიდენტის ახალი ინიციატივის შედეგი იქნება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ან პირადად პრეზიდენტის წარმომადგენლის დანიშვნა რეგიონში.

”ეს პიროვნება იქნება [ე.წ სამხრეთ ოსეთის] ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელიც სიტუაციის კურირებას ადგილზე განახორციელებს”, - განუცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.

დეპუტატმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი უნდა მოგვარდეს დიალოგის გზით  ”ადგილობრივი თემის ლიდერთან, რომელსაც აქვს ჯანსაღი ხედვა”.

”ერთ-ერთ ასეთ ლიდერად მე დიმიტრი სანაკოევს ვხედავ”, - განაცხადა ბოკერიამ 27 მარტს.

”მზად ვართ ვესაუბროთ ყველას, ვისაც სურს პრობლემების მშვიდობიანად და სწრაფად მოგვარება. მზად ვართ ვესაუბროთ ყველას, ვინც პატივს სცემს მთავარ პრინციპს - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 27 მარტს პარლამენტის სხდომაზე.

ოპოზიციის რეაქცია უფრო ფრთხილი იყო. რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ გაურკვეველია, რას ითვალისწინებს პრეზიდენტის ინიციატივა და როგორ დაეხმარება ის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებას.   


 

Civil.Ge © 2001-2025