საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა გრძელდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Apr.'07 / 10:30

დღეს ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტი 10-მა კამაზმა დატოვა, რომელშიც განთავსებული იყო 5 ტონა საბრძოლო მასალა, ტონა ნახევარი საინჟინრო-სასანგრე ქონება და სხვა სახის აღჭურვილობა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კამაზებში მოთავსებული ტვირთი ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან დაიძრა და გიუმრის 102-ე რუსულ ბაზაზე განთავსდება. შემდეგი კოლონა საქართველოს ტერიტორიას 19 აპრილს დატოვებს.

მარტში რუსულ და ქართულ მხარეებს შორის შემუშავებული გეგმის მიხედვით ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზა შემოდგომამდე დაიხურება. ხოლო ბათუმში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება.

საბოლოოდ რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გასვლის პროცესი 2008 წელს დასრულდება.

 

Civil.Ge © 2001-2024