გაზის ტარიფი 1 მაისიდან ძვირდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Apr.'07 / 15:52

1 მაისიდან თბილისის მოსახლეობა 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 34,2 თეთრის ნაცვლად 50,62 თეთრს გადაიხდის, ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  (სემეკი) დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

სემეკის 16 აპრილის დადგენილებით დიფერენცირებული ტარიფები დაწესდა: თბილისის მოსახლეობა, რომელიც დაბალი წნევის გაზის მომხმარებელია, 50,62 თეთრს გადაიხდის კუბურ მეტრში; საშუალო წნევის მომხმარებლები [ძირითადად, პურის ქარხნები] - 41,07 თეთრს; ხოლო მაღალი წნევის გაზის მომხმარებლები [მსხვილისაწარმოები] 37,37 თეთრს გადაიხდიან, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით.

აღნიშნული ტარიფები სემეკმა თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია ”ყაზტრანსგაზ თბილისის” განაცხადის საფუძველზე დააწესა, რაც შედარებით დაბალია იმასთან შედარებით, რასაც კომპანია ითხოვდა -  71,42 თეთრს კუბამეტრზე.

განსხვავებული ტარიფები დაუწესა ასევე სემეკმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს, სადაც ამჟამად მოქმედი ტარიფი  40- 45 თეთრის ფარგლებშია და ის 1 მაისიდან 49-55 თეთრამდე გაიზრდება. კერძოდ:

ქუთაისგაზი -50,74 თეთრი;
რუსთავგაზი - 50,2 თეთრი;
სამტრედიაგაზი- 52 თეთრი;
ქარელიგაზი-52,34 თეთრი;
თელავიგაზი- 53 თეთრი;
საჩხერეგაზი- 49 თეთრი;
კასპიგაზი- 55 თეთრი;
გორიგაზი- 51,3 თეთრი;
მცხეთაგაზი- 50, 8 თეთრი.

სემეკის თავმჯდომარემ გიორგი თავაძემ განაცხადა, რომ áƒ’აზის ტარიფის მატება აისახება ელექტროენერგიის ტარიფზეც, რონმელსაც თბოელექტროსადგურები გამოიმუშავებენ. თუმცა ამ ეტაპზე მან ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გამორიცხა.

საქართველო გაზით ორი წყაროდან მარაგდება: 1000 კუბამეტრ რუსულ გაზს ”გაზპრომისგან” 235 აშშ დოლარად იღებს 1 იანვრიდან, ”შაჰ-დენიზის” საბადოდან კი 62,5 აშშ დოლარად, თუმცა მთლიანი მოხმარების ბალანსში რუსეთიდან მოწოდებული გაზის წილი გაცილებით ჭარბობს აზერბაიჯანულს.

”ჩვენი მეზობელი ქვეყანა უკვე დიდი ხანია ცდილობს, რომ საქართველო დატოვოს ბუნებრივი გაზის გარეშე და ახდენს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ზეწოლას და მაშინ როდესაც გაზის ღირებულება გაიზარდა 110 დოლარიდან 235 დოლარამდე ორჯერ და მეტად [2007 წლიდან]თავისთავად ეს აისახებოდა ბუნებრივი აირის ტარიფში... გარწმუნებთ, რომ სემეკმა მაქსიმალურად გაითვალისწინა მომხმარებელთა ინტერესები,” - განაცხადა სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიორგი თავაძემ.

სემეკი-ს დღევანდელი სხდომა ოპოზიციური პარტიების ”ლეიბორისტების” და ”ქართული დასის” წარმომადგენელთა ხმაურიანი გამოსვლების ფონზე წარიმართა. ოპოზიციონერები აპროტესტებდნენ ტარიფის მატებას, როგორც ”სერიოზულ სოციალურ დარტყმას” მოსახლეობაზე.

Civil.Ge © 2001-2024