აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში პატრიოტული ბანაკი გაიხსნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 May.'07 / 10:16

პრეზიდენტი სააკაშვილი 26 მაისს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ განმუხურში პატრიოტული ბანაკის გახსნას დაესწრო.

სოფელი მდინარე ენგურის აფხაზურ მხარეს მდებარეობს და კონფლიქტის ზონის უკანასკნელი ქართული სოფელია, საიდანაც ნახევარ კილომეტრის მანძილზე áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია იწყება.

ორი ათასამდე ახალგაზრდა გაატარებს ზაფხულის არდადეგებს პატრიოტთა ბანაკში. პროექტი ”პატრიოტთა ბანაკი”, რომლის მიზანსაც ახალგაზრობაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა წარმოადგენს, ხელისუფლებამ 2005 წელს დაიწყო.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ ბანაკი ”მხოლოდ ეთნიკური ქართველებისთვის არ არის”.

”ამ ბანაკში ერთად დაისვენებენ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, ბერძნები, ცხინვალელი ოსები და აუცილებლად ვიწვევთ ამ ბანაკში ოჩამჩირელ, გაგრელ და გუდაუთელ აფხაზებს. მსურს ნახონ, რომ მათი ქვეყანა - საქართველო არ არის ისეთი, როგორც მათ უყვებიან. საქართველო არის მრავალეთნიკური, მრავალი აღმსარებლობის მქონე ადამიანებისგან შემდგარი ქვეყანა, შემწყნარებლობისა და ერთიანი განვითარების ბრწყინვალე მაგალითი,”- განაცხადა სააკაშვილმა.

”აფხაზურ ეთნოსსაც საკუთარი იდენტურობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთადერთი შანსი აქვთ ამ მრავალეროვან, დემოკრატიულ საქართველოში, რომელიც მათ ავტონომიური განვითარების მყარ გარანტიას მისცემს,” - დასძინა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო ”არ დათმობს პოზიციებს” და არც მსოფლიო დაუშვებს ”500 ათასი ადამიანის ჩაგვრას, რომლებიც საკუთარი სახლებიდან უკანონოდ გამოყარეს”.

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ოპოზიციური პარტიის ”საქართველოს გზა” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ხელისუფლების გადაწყვეტილება პარტიოტული ბანაკის კონფლიქტის ზონაში გახსნის თაობაზე და მას ავანტიურა უწოდა, რომელიც ასობით ახალგაზრდას შესაძლო პროვოკაციების მსხვერპლად აქცევს.

2007 წლის 5 იანვარს განმუხურში მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

Civil.Ge © 2001-2024