ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში ’პრინციპულ ცვლილებებს’ ითხოვს
/ 5 Jun.'07 / 10:05
ნინო ხუციძე, ”სივილ ჯორჯია”

პოლიტიკური სპექტრი თანხმდება რომ 2008 წლის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე თამაშის წესები დადგენილი უნდა იყოს, თუმცა თავად წესებზე თანხმობა ჯერ არ არის.

ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კოდექსში სამი პრინციპის გადახედვას ითხოვენ: საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი; მაჟორიტარული არჩევნების წესი და საარჩევნო ბარიერის დაწევა.

მაგრამ მმართველი პარტია თანახმაა მხოლოდ ამ უკანასკნელ მოთხოვნაზე - 7%-იანი ბარიერის დაწევაზე - დაიწყოს კონსულტაციები.

ამ საკითხებზე მარტის ბოლოდან მუშაობას შეუდგა ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან მმართველი პარტიის, საპარლამენტო ოპოზიციის და ასევე ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი და ადგილობრივი სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროცესი ეუთოსა და ევროპის საბჭოს საქართველოს მისიების ინიციატივითა და მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება შეეცადა პირველ რიგში საარჩევნო კოდექსის ”მეორე და მესამე ხარისხოვანი” საკითხები გამოეტანა განსახილველად, რათა ”თანამშრომლობის იმიტაცია” შექმნილიყო საერთაშორისო მეთვალყურეების თვალში.

”მაგრამ ჩვენ შევთავაზეთ უმრავლესობას, რომ თუ ამ სამ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით წამოვლენ გარკვეული კომპრომისზე, მაშინ აზრი ექნება სხვა მეორეხარისხოვან საკითხებზე და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებზე მსჯელობას,”- განუცხადა ”სივილ ჯორჯიას ”სამუშაო ჯგუფის წევრმა ”ახალი მემარჯვენეებიდან” მამუკა კაციტაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების ”შეუვალი პოზიციის” შემთხვევაში, ოპოზიცია საარჩევნო კოდექსზე სამუშაო ფორმატს ბოიკოტს გამოუცხადებს და ”ამით საერთაშორისო საზოგადოებას დავანახებთ ამ ხელისუფლების განწყობას ოპოზიციური აზრის მიმართ”.

სამუშაო პროცესის დასასრულს გათვალისწინებულია სტრასბურგში ურთიერთშეთანხმების აქტის ხელმოწერა, ხოლო საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეტანა შემოდგომის ბოლომდეა დაგეგმილი.
”თუ პრინციპულ საკითხებზე არ იქნა მიღწეული შეთანხმება, ტექნიკურ საკითხებზე ჩვენ ხელს არ მოვაწერთ,”- აცხადებს ”სივილ ჯორჯიასთან” საუბარში დეპუტატი კონსერვატიული პარტიიდან კახა კუკავა.

თუმცა მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, რომელიც სამუშაო ჯგუფში მონაწილეობს, ოპონენტებს ”შანტაჟის ენით” საუბრისაგან თავშეკავებას ურჩევს.

”არ მესმის ჯგუფის დატოვებაზე რიტორიკას რა რაციონალური მარცვალი აქვს. ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლების თანაგრძნობაზე ფიქრი ძალიან არასერიოზული ტაქტიკაა. ჩვენ ვაპირებთ მუშაობის, დისკუსიის და კამათის გაგრძელებას,”- განუცხადა გიგა ბოკერიამ ”სივილ ჯორჯიას”.

საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება

დღესდღეობით ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები პროფესიული ნიშნით არიან დაკომპლექტებულები და მხოლოდ ქვედა დონეზე, საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებობს პარტიული წარმომადგენლობა. თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ”ფაქტობრივად ერთპარტიულია” და მას ხელისუფლება სრულად აკონტროლებს. 

ოპოზიციის წინადადებაა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონე  სახელმწიფო დაფინანსების მქონე პარტიების (ნაციონალური მოძრაობა, ახალი მემარჯვენეები, მრეწველები, ლეიბორისტები, პარტია თავისუფლება,  რესპუბლიკელები, კონსერვატორები) წარმომადგენლებმა პარიტეტულად დააკომპლექტონ იმ პირობით, რომ კანდიდატები  პროფესიული ნიშნით იქნებიან შერჩეულნი.

”ერთის მხრივ სამივე დონეზე კომისიები იქნებიან დაკომპლექტებული პარიტეტულად და მეორეს მხრივ, პროფესიული ნიშნით,”- აცხადებს მამუკა კაციტაძე.

კიდევ ერთი არგუმენტი, რაზეც ოპოზიციის შეთავაზების სასარგებლოდ კახა კუკავა საუბრობს, უკავშირდება ადმინისტრაციების მხრიდან საარჩევნო სიების სრულყოფის საკითხს. 

”პარიტეტული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში სიების სრულყოფის პრობლემაც მოიხსნება, რადგან დღეს ერთი ძალის მიერ კონტროლირებად ადმინისტრაციაში ამის ნება არ არის,”- აცხადებს კუკავა, რომელიც ასევე მონაწილეობს კოდექსში ცვლილებების სამუშაო ფორმატში. 

თუმცა მმართველი პარტია ”პრინციპულად წინააღმდეგია” პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, რადგან ეს იქნება ”ნაბიჯი უკან” იმ თვალსაზრისით, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ პოლიტიკური ვაჭრობის ადგილად გადაიქცევა.  

გიგა ბოკერიას განცხადებით, დღეს მოქმედი საარჩევნო ადმინისტრაცია არის არა ერთპარტიული, არამედ ”არაპარტიული დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის იდეალურად მუშაობს. და ამიტომ ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ დისკუსია ამ დაკომპლექტების პირობებში გარკვეული პროცედურების შეცვლაზე”.

”ამ სისტემამ გვაჩვენა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომ არჩევნები ტარდება სამართლიანად და დემოკრატიულად და დარღვევებზე საფუძვლიანი ეჭვები აღარ არსებობს და ამას ჩვენი ოპონენტებიც აღიარებენ. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ არჩევნების გაყალბება ამ გზით წარსულს ჩაბარებული მანკიერი პრაქტიკაა,”- აცხადებს ბოკერია. 

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში 150-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 50 მაჟორიტარი áƒ“ეპუტატი 19 საარჩევნო ოლქიდან ”მოგებულს ყველაფერი რჩება” პრინციპით აირჩევა. ეს სისტემა ხელისუფლებამ 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოსცადა თბილისში და შედეგად, ყველა ოლქში არჩევნები მოიგო.

ამ სისტემის თანახმად, პარტიის მაჟორიტარული  სია, რომელიც პირველივე ტურში ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, მაგრამ არა ნაკლებ 30%-სა, მოიპოვებს იმავე ოლქში არსებულ ყველა მაჟორიტარულ მანდატს. თბილისი და ავტონონიური რესპუბლიკები 5 მაჟორიტარით იქნებიან წარმოდგენილი პარლამენტში, დანარჩენი ქალაქები თუ რაიონები 2, ან 3 მაჟორიტარით.

ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ეს სისტემა ყველაზე ხელსაყრელია, რადგან ”არსებითად წინასწარ იცის არჩევნების შედეგები”.

”ეს ნიშნავს იმას, რომ 150 კაციან პარლამენტში 50 მაჟორიტარული მანდატი ხელისუფლებას წინასწარ უდევს ჯიბეში. საერთო ჯამში, ხელისუფლებას და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს ელექტორატის  თანაბარი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ოპოზიციის ხმები განაწილებულია სხვადასხვა პარტიებზე, ამიტომ უდაო ფაქტია ის, რომ ხელისუფლება გავა პირველ ადგილზე,”- აცხადებს კახა კუკავა.

ოპოზიცია სთავაზობს ხელისუფლებას, რომ ეს სისტემა შეიცვალოს და ამომრჩეველმა შემოხაზოს არა პარტია, არამედ პიროვნება, რომელსაც ასახელებს მხოლოდ პარტია. ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველი მრავალმანდატიან ოლქში ხმას მიცემს იმდენ პიროვნებას, რამდენი კვოტაც აქვს მაჟორიტარულ ოლქს.

”მაგალითად თბილისელს ექნება 5 ხმა და ვისაც ექნება 5 საუკეთესო შედეგი, ისინი ხდებიან დეპუტატები. გამოაკლდებათ მათ ვინმე, მაშინ მე-6 შევა პარლამენტში. ანუ განმეორებითი არჩევნების თემაც მოხსნილია ამ პრინციპიდან გამომდინარე,”- აცხადებს მამუკა კაციტაძე.

თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ პრინციპის გადახედვას არ აპირებს.

”არაფერი არადემოკრატიული ან სტანდარტებთან შეუსაბამო ამაში არ არის,” - აცხადებს გიგა ბოკერია, თუმცა აქვე დასძენს, რომ ეს სისტემა ძირითადად თვითმმართველობის დონეზეა აპრობირებული და არა ნაციონალურ  მასშტაბში.

”იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის ძლიერი, ეს სისტემა აძლევს შანსს, რომ მოიგოს არჩევნები. როცა მე მესმის ხოლმე ბრალდება, რომ ეს სახელისუფლებო პარტიას აწყობს, ცოტა გაუგებარია, რადგან თუ ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ ან ამბიცია ან სურვილი, რომ მოიპოვონ  გამარჯვება, მაშინ ისინი განწირულები იქნებიან და თუ აქვთ ამის ამბიცია, მაშინ ეს არის კოალიციების შექმნის წამახალისებელი,” - დასძენს ბოკერია.

თუმცა უახლოესი წარსულის ადგილობრივი არჩევნების მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ აღნიშნულმა საარჩევნო სისტემამ ვერ უბიძგა ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებისაკენ და მათ სრული მარცხი განიცადეს მაჟორიტარულ არჩევნებზე. 

საარჩევნო ბარიერი

საპარლამენტო არჩევნებში 7%-იანი ბარიერის დაწევა ეს ის საკითხია, რაზეც მმართველი პარტია მზადაა, რომ ოპოზიციასთან კომპრომისზე წავიდეს. თუმცა ჯერ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული არ არის.

”არსებული ბარიერი მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის წახალისება მსხვილი პოლიტიკური პარტიების შექმნის, თუმცა არის მეორე მხარის არგუმენტები, რაც პლურალიზმის წახალისებას უკავშირდება,”- აცხადებს გიგა ბოკერია.

ოპოზიციის წინადადებაა, რომ როგორც ადგილობრივ, ისე საპარლამენტო დონეზე საარჩევნო ბარიერი მერყეობდეს 3-დან 5%-მდე.

”მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს,”- აცხადებს მამუკა კაციტაძე.

მისი თქმით, ოპოზიცია ეწინააღმდეგება ბარიერის დიფერენცირებას, რაც გულისხმობს არჩევნებში მონაწილე პარტიისთვის დაბალი ბარიერის, ხოლო ბლოკისათვის შედარებით მაღალ ბარიერის დაწესებას.   

თუმცა გიგა ბოკერია ამ ეტაპზე არ გამორიცხავს არც ბარიერის პირდაპირი ფორმით დაწევას და არც დიფერენცირებული სახით ჩამოყალიბებას და აცხადებს, რომ ”ამ თემაზე დისკუსიისთვის ჩვენ მზად ვართ”.

საარჩევნო კოდექსში ზემოთ განხილულ თემებზე ოფიციალურ პასუხს ოპოზიცია ხელისუფლებისაგან 7 ივნისს დანიშნული მორიგი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მიიღებს.

თუმცა საარჩევნო კოდექსის სხვა ტექნიკურ საკითხებთან ერთად, არის კიდევ ერთი, არჩევნების თარიღის თემა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან დგას.  მათი სურვილია, რომ  ეს საკითხიც საარჩევნო კოდექსმა დაარეგულიროს.

კონსტიტუციის თანახმად, 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში პრეზიდენტი არჩევნების თარიღს 60 დღით ადრე გამოაცხადებს.
 
”საარჩევნო კამპანიისთვის არჩევნების თარიღის წინასწარ ცოდნას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. áƒ áƒáƒªáƒ ერთ ძალაზეა დამოკიდებული როდის დანიშნავს არჩევნებს, ისეთ დროს დაამთხვევს, როცა მისი რეიტინგი მაღალია და სხვისი დაბალი. იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ თანაბარ პირობებში, ყველა პარტიამ წინასწარ უნდა იცოდეს როდის არის არჩევნები,”- აცხადებს კახა კუკავა. 

 

 

Civil.Ge © 2001-2024