არაბეთის საამირო საქართველოში 1,5 მილიარდიან ინვესტიციას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Jun.'07 / 11:51

არაბული კომპანია ”რაკიინ დეველოფმენთი”, რომელსაც რასელ ხაიმას საამირო მართავს, საქართველოში 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, იტყობინება დუბაიში განთავსებული ინგლისურენოვანი გაზეთი Khaleej Times 12 ივნისს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, გეგმა ითვალისწინებს ფოთის პორტში თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარებას.

25 მაისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის თაობაზე.

”რაკიინ დეველოფმენთმა”, რომლის მფლობელებიც არიან რასელ ხაიმას მთავრობა, RAK Airways და RAK Properties, გასულ კვირას თბილისში მდებარე სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასი” იყიდა 67,5 მლნ აშშ დოლარად.

სასტუმრო, რომლის საწყისი ფასიც 25 მლნ დოლარი იყო, აუქციონის წესით გაიყიდა.

პრეზიდენტი სააკაშვილი რასელ ხაიმას საამიროს თებერვალში ეწვია, სადაც  საქართველოსა და საამიროს შორის ეკონომიკურ თანამშრმომლობაზე მიაღწია შეთანხმებას. 

 


 

Civil.Ge © 2001-2024