პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პირველ კვარტალში 575 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Jun.'07 / 13:08

2007 წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 575 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 27 ივნისს.

მთავრობის სხდომაზე საუბრისას ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ პირველ კვარტალში სამი უმსხვილესი ინვესტორი  - დანია, თურქეთი და ნიდერლანდები - იყო.

მისი თქმით, წლის ბოლომდე საქართველოში 2-2,5 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იგეგმება.

2006 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1,14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2005 წელს - 450 მილიონი აშშ დოლარი. გასულ წელს სამი უმსხვილესი ინვესტორი დიდი ბრიტანეთი, აშშ და ყაზახეთი იყვნენ.

პრემიერ-მინისტრი 28-30 ივნისს მონაკოს ეწვევა, სადაც კრანს მონტანას ფორუმზე საქართველოში საინვესტიციო პოტენციალს წარადგენს.

საქართველოს ხელისუფლება წელს ასევე გეგმავს მთელი რიგი ფორუმების გამართვას ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების წარდგენის მიზნით. 2 ივნისს ყაზახეთის დედაქალაქი, ასტანა უმასპინძლებს ფორუმს Invest in Georgia, ხოლო ანალოგიური ღონისძიებები ასევე გაიმართება ვენასა და ლონდონში ოქტომბერში, ნიუ-იორკში ნოემბერში და ნიუ დელიში დეკემბერში.      

Civil.Ge © 2001-2024