სასამართლოებში მედიის მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს
/ 27 Jun.'07 / 20:26
სივილ ჯორჯია

პარლამენტმა 27 ივნისს ვერ შეძლო პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღება, რომელიც სასამართლო შენობასა და სხდომის დარბაზში ფოტო, კინო, ვიდეო გადაღებას და აუდიო ჩაწერას კრძალავს.

კენჭისყრის დროს კანონპროექტმა მხოლოდ 107 ხმა დააგროვა, მაშინ როდესაც ხმათა საჭირო რაოდენობა 112  იყო. ეს მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იყო ინიცირებული. განმეორებითი კენჭისყრა მომავალ კვირას ჩატარდება.

ოპოზიციამ კანონპროექტი გააკრიტიკა როგორც ცენზურის შემოღების მცდელობა. წამყვანი დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან კი აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა მიზნად ისახავს სასამართლო პროცესებზე ”მცდარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების” თავიდან აცილებას და მოსამართლეების ”ფსიქოლოგიური ზეწოლისგან” დაცვას.
 
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ სასამართლო სხდომაზე ტელეკამერების ყოფნა ”ხელს უწყობს პროცესის ანგაჟირებას და მხარეთა მიერ შეგნებული პროვოკაციების მოწყობას”.

”ასეთ ვითარებაში სასამართლო საქმის განხილვა სცილდება სამართლებრივი ნორმებით დადგენილ ჩარჩოებს და მტკიცებულებების წარდგენისა და განხილვის ნაცვლად დატვირთულია ემოციური განცხადებებითა და გამოსვლებით, რაც არ უწყობს ხელს საქმის სრულყოფილ და ობიექტურ განხილვას და ფსიქოლოგიურ ზემოქმედების ახდენს მოსამართლეზე,”- მიიჩნევენ კანონპროექტის ავტორები.

”გარდა სასამართლოზე ზემოქმედებისა, აღნიშნული მიმართულია მცდარი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისკენ. სწორედ საზოგადოებრივი აზრის წინასწარ, ანუ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ფორმირება, წარმოადგენს სასამართლოზე პირდაპირი ფსიქოლოგიური ზემოქმედების კიდევ ერთ მაგალითს,” - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად, ჟურნალისტებს ექნებათ უფლება დაესწრონ საჯარო სასამართლო პროცესებს; თუმცა, სასამართლოს პრესსამსახურის მხოლოდ შერჩეულ ვიდეო და აუდიო მასალას გაავრცლებს.

კანონპროექტი მას შემდეგ შემუშავდა, რაც რამდენიმე გახმაურებული საქმის განხილვას არეულობა და ქაოსი მოყვა სასამართლოს სხდომათა დარბაზებში. სასამართლოს დარბაზში დამსწრეთა მიერ მოსამართლეების და პროკურორების მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები ინტენსიურად გააშუქეს ტელეკომპანიებმა. ეს გახმაურებული პროცესები - ერთ-ერთი უკანასკნელი იყო ირაკლი ბათიაშვილის საქმე - ოპოზიციურმა პარტიებმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა გააკრიტიკეს და მათ უსამართლო უწოდეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა 27 ივნისს გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს სასამართლო პროცესიდან ”პოლიტიკური დივიდენდების მიღების აღკვეთას”.

”ამგვარი პრაქტიკა შესაძლოა მიჩნეულ იქნას როგორც მოსამართლეზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა,” - განაცხადა ბეჟაშვილმა ინიციატივის წარდგენისას.

თუმცა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს კანონპროექტი. 

”ეს არის კანონი ცენზურის შესახებ. პირველად, ჩვენ გვექნება კანონი ცენზურის შესახებ... ხელისუფლებას სურს რკინის ფარდა ჩამოაფაროს, რათა საზოგადოებამ ვერ დაინახოს რა ბინძურ გადაწყვეტილებებს იღებენ მოსამართლეები,” - განაცხადა კონსერვატორმა დეპუტატმა კახა კუკავამ.

დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან ივლიანე ხაინდრავამ განაცხადა, რომ კანონპროექტი არის ”შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე და შეტევა მოქალაქეთა უფლებაზე მიიღონ ინფორმაცია”.

მან სასამართლო სისტემას ”მთლიანად დემორალიზებული” უწოდა.

”ლიბერალური გახსნილი სივრციდან დახურული სივრცისკენ მივდივართ და ამით ვცდილობთ დავმალოთ ის პრობლემები, რომელიც ყველამ ისიც, რომ დღეს არსებობს ქართულ სასამართლოში,”- განაცხადა ხაინდრავამ.

დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან განაცხადეს, რომ მედიისთვის შეზღუდვების დაწესება ბევრ დასავლურ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა და ეს არ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს.

თუმცა, სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გააკრიტიკა ეს ინიციატივა და განაცხადა, რომ ამ აკრძალვის დაწესება არასწორია იმ ქვეყნისთვის, სადაც სასამართლო სისტემა გარდამავალ პერიოდში იმყოფება და რეფორმები მიმდინარეობს.

ჟურნალისტების განწყობა ამ ინიციატივის მიმართ ასევე კრიტიკულია. ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ განაცხადა, რომ ეს კანონპროქეტი შეზღუდავს ჟურნალისტების შესაძლებლობებს სრულად გააშუქონ სასამართლო პროცესები.

”სასამართლო მოსმენების დროს უამრავი საინტერესო რამ ხდება, რისი ჩაწერაც ღირს. სასამართლოს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული მასალა ამის შესაძლებლობას არ მოგვცემს,” - განუცხადა გოგსაძემ ”სივილ ჯორჯიას”.  

Civil.Ge © 2001-2024