ნაღმის სამიზნე ანქვაბი იყო - აფხაზეთის ინტელიგენცია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Jun.'07 / 14:11

დისტანციური მართვის ნაღმის ”ფუგასის” სამიზნე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი იყო, განაცხადეს აფხაზმა აკადემიკოსებმა და ინტელიგენციის წარმომადგენლებმა 27 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

ნაღმი 20 ივნისს დილით სოხუმის დასავლეთით, ”ახალი ათონის” სიახლოვეს აფეთქდა მას შემდეგ, რაც მას მეხი დაეცა. არავინ დაშავებულა, რადგანაც დისტანციური მართვის ნაღმი სპონტანურად აფეთქდა. თუმცა, აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ განაცხადა, რომ ეს იყო ”დივერსიის მცდელობა”.

განცხადებაში, რომელსაც 27 ცნობილი აფხაზი მწერალი, ჟურნალისტი და აკადემიკოსი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მიმდინარეობს ”ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს იმისა, რომ აფეთქება აფხაზეთის ახლანდელი ხელისუფლებისკენ და კერძოდ, პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბისკენ იყო მიმართული”.

2005 წლის თებერვალში ანქვაბი ერთხელ უკვე გადაურჩა თავდასხმას, როდესაც შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა მის ესკორტს სოხუმის მახლობლად ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმაში ”კრიმინალური ელემენტები” დაადანაშაულეს; თუმცა, არავინ დაუპატიმრებიათ.

”ნათელია, რომ ის პირები, ვინც ამ თავდასხმების უკან დგანან, აფხაზი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. დუმილის შენარჩუნება იმ სიტუაციაში, áƒ áƒáƒªáƒ ყველამ იცის შეთქმულების შესახებ, არა მარტო ამორალური, არამედ სახიფათოცაა,” - ნათქვამია განცხადებაში.

”შეუძლებელია ცივილიზებული სახელწმიფოს აშენება, თუ ამგვარი მეთოდები გამოიყენება ოპონენტების წინააღმდეგ,” - ნათქვამია განცხადებაში.

20 ივნისს აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ განაცხადა, რომ გამომძიებლები ინციდენტის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანია აფხაზეთში ტურისტული სეზონის დაწყების წინ ქართული მხარის მიერ დაგეგმილი საბოტაჟი . 

 

Civil.Ge © 2001-2024