სასამართლოებში ვიდეო გადაღება იკრძალება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Jul.'07 / 16:58

პარლამენტმა 115 ხმით 15-ის წინააღმდეგ დღეს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი სასამართლოს შენობასა და სხდომათა დარბაზებში ვიდეო, ფოტო და კინო გადაღების აკრძალვას.

საკითხი გადამუშავებული სახით პარლამენტმა მას შემდეგ განიხილა, რაც კენჭისყრის პირველ მცდელობაზე 27 ივნისს კანონპროექტის ჩავარდა. მაშინ კანონპროექტის მიღებას 5 ხმა დააკლდა.

თავდაპირველი ვარიანტი აუდიო ჩანაწერის გაკეთებასაც კრძალავდა. თუმცა ეს აკრძალვა იმ áƒ¬áƒ”სის გამო, რომ კანონპროექტი ჩავარდნის შემდეგ უნდა გადამუშავდეს, ამოიღეს. თუმცა კანონპროექტში ნათქვამია, რომ ”სასამართლო სხდომაზე სტენოგრაფირების და აუდიოჩანაწერის შეზღუდვის მიზანშეწონილობას განსაზღვრავს სასამართლო (მოსამართლე) მოტივირებული გადაწყვეტილებით".

არ არის გამორიცხული, რომ კანონპროექტი კიდევ დაიხვეწოს მეორე და მესამე მოსმენების დროს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს იურიდიული კომიტეტის მიერ ინიცირებული ეს ცვლილება და მას ”ცენზურის” დაწესების მცდელობა უწოდეს.

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ასევე გააკრიტიკა ეს ინიციატივა და განაცხადა, რომ ამ აკრძალვის დაწესება არასწორია იმ ქვეყნისთვის, სადაც სასამართლო სისტემა გარდამავალ პერიოდში იმყოფება და რეფორმები მიმდინარეობს.

Civil.Ge © 2001-2024