დაიწყო კამპანია - ”გზა მშვიდობისა, კოკოითი”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Jul.'07 / 16:20

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის სპიკერმა ვლადიმერ სანაკოევმა 23 ივლისს განაცხადა, რომ იწყება ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი კამპანია, რომლის მიზანიც სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის გადაყენებაა.

მისი თქმით, მშვიდობიან კამპანიას სახელწოდებით  - ”გზა მშვიდობისა, კოკოითი” მოძრაობა ”სამხრეთ ოსეთის ხალხი მშვიდობისათვის” განახორციელებს.

”კოკოითი და მისი რეჟიმი მთავარი დაბრკოლებაა რეგიონში მშვიდობის დამყარების გზაზე. ვაცხადებთ, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ კამპანიას, რომლის მიზანიცაა ვაცნობოთ კოკოითს, რომ ის უნდა წავიდეს,” - განაცხადა ვლადიმერ სანაკოევმა.

ამ განცხადებას წინ უძღოდა საქართველოს ეთნიკური ოსური მოსახლეობის კონფერენცია, რომელიც 22 ივლისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფელ თამარაშენში გაიმართა.

ვლადიმერ სანაკოევის განცხადებით, კონფერენციამ ცხადყო, რომ ამ კამპანიას საქართველოს ეთნიკური ოსური მოსახლეობის და ასევე სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერა ექნება.

სანაკოევის განცხადება იზიარებს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ივლისის დასაწყისში გაკეთებული განცხადების პათოსს, áƒ áƒáƒ›áƒšáƒ˜áƒ¡ თანახმადაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების გასაღები შესაძლოა ”ხალხის ძალა”, მათ შორის რიგითი მოქალაქეებისთვის აზრის გამოხატვის საშუალების მიცემა იყოს.

იმავდროულად, 23 ივლისს ედუარდ კოკოითმა ცხინვალში მთავრობის წევრებს განუცხადა, რომ საქართველო ”მეზობელი სახელმწიფოა, რომელიც რესპუბლიკის მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის”.

 

Civil.Ge © 2001-2024