სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სხდომა იმართება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Jul.'07 / 13:30

ერთიანი საქართველოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის პირველი სხდომა დღეს საღამოს გაიმართება.

კომისიაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობს, შედიან მთავრობის წევრები და 22 ივლისს გამართულ შეკრებაზე არჩეული ეთნიკური ოსური საზოგადოების წარმომადგენლები.

კომისიაში ასევე შევლენ პარლამენტარები, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდან; თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, კერძოდ ვინ შევა კომისიის შემადგენლობაში.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ 23 ივლისს განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალის მაცხოვრებლებსაც შესთავაზა კომისიის მუშაობაში მონაწილეობა.

”ამ კუთხით, ჩვენ უკვე მოვუწოდეთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას არ შეუშალოს ხელი მათ, ვისაც კომისიის მუშაობაში ჩართვა სურთ,” - განაცხადა ბაქრაძემ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამი ძირითადი პრინციპი არსებობს, რომლებსაც  სტატუსი დაეფუძნება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ძლიერი პოლიტიკური და კულტურული გარანტიები სამხრეთ ოსეთისთვის და ადამიანის უფლებები. 

ბაქრაძის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრის პროცესი ”მტკივნეული, ხანგრძლივი და შრომატევადი იქნება”.  

Civil.Ge © 2001-2024