თბილისი ცხინვალს მოლაპარაკებების ბლოკირებაში, მოსკოვს არაეფექტურ შუამავლობაში ადანაშაულებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Aug.'07 / 15:52
სივილ ჯორჯია

არშემდგარი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა თბილისში ადასტურებს, რომ სეპარატისტული რეჟიმი ბლოკავს მოლაპარაკებათა პროცესს და ასევე წარმოაჩენს რუსეთს, როგორც არაეფექტურ შუამავალს, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ 6 აგვისტოს.

შსკ-ს პლენარული სხდომა ოთხმხრივ ფორმატში - ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეების მონაწილეობით თბილისში 9-10 აგვისტოს იგეგმებოდა.

3 აგვისტოს სეპარატისტულმა ხელისუფლებამ შსკ-ს სხდომაში მონაწილეობაზე მას შემდეგ განაცხადა უარი, რაც საქართველოს ხელისუფლება ცხინვალში ტერაქტების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. შსკ-ს ოსური მხარის თანათავმჯდომარემ ბორის ჩოჩიევმა უარის ოფიციალურ მოტივად თბილისში უსაფრთხოების ზომების არ არსებობა დაასახელა. ცხინვალის სურვილი იყო მოლაპარაკებები რუსეთის საელჩოში გამართულიყო მაშინ, როცა ქართული მხარე ეუთოს მისიის ოფისს სთავაზობდა სხდომის ჩატარების ადგილად.

იმის მიუხედავად თუ რა გახდა სხდომის ჩაშლის მიზეზი, ეს მხოლოდ დაეხმარა თბილისს დიპლომატიური უპირატესობა მოეპოვებინა მოსკოვთან დაპირისპირებაში, რომელიც მოლაპარაკებათა ფორმატს უკავშირდება.

მოსკოვს სურს შეინარჩუნოს შსკ, როგორც მოლაპარაკებათა ერთადერთი მექანიზმი. თუმცა თბილისი ცდილობს თავი აარიდოს ამ ფორმატში მოლაპარაკებებს გასული წლის ოქტომბრიდან, როცა შსკ-ს უკანასკნელი პლენარული სხდომა ვლადიკავკაზში უშედეგოდ დამთავრდა. მას შემდეგ შსკ კიდევ ერთხელ შეიკრიბა მარტში, სტამბოლში, თუმცა ეს არაფორმალური შეხვედრა იყო. ქართული მხარე ცდილობს დააკნინოს შსკ-ს მნიშვნელობა, რადგან აღნიშნულ ფორმატში მოსკოვის აშკარა უპირატესობას ფლობს.

6 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ბაქრაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თბილისის პოზიციას მოლაპარაკებათა ფორმატის ”საფუძვლიანი” ცვლილებების საჭიროებაზე.

სახელმწიფო მინისტრმა áƒ™áƒ•áƒšáƒáƒ•áƒáƒª მოუწოდა ”ყველა მხარეს” სახელმწიფო კომისიაში ჩართვისაკენ, რომელიც საქართველოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობს. მოსკოვი ამ ეტაპზე თავს იკავებს კომისიაში გაწევრიანებისაგან, ცხინვალი კი გადაჭრით ამბობს ამაზე უარს და კომისიას ”აბსურდულს” და ”უკანონოს” უწოდებს.

”ვფიქრობთ, რომ ეს [კომისია] არის და გახდება ბევრად უფრო ეფექტური ფორმატი, ვიდრე შერეული საკონტროლო კომისიაა,” - განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, თბილისისთვის ”ძალიან რთულია” გრძელვადიან შეთანხმებაზე მოლაპარაკება ცხინვალის რეჟიმთან, რადგან სეპარატისტული ხელისუფლება ”არ ასრულებს მიცემულ სიტყვას”.

”სამწუხაროდ, ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც გამომდინარე იმ წუთიერი ემოციური ან პოლიტიკური განწყობიდან, ცვლის ყველა ადრე მიღწეულ შეთანხმებას. ასეთ პირობებში ჩვენთვის ძალიან რთულია მათთან მუშაობა,”- განაცხადა ბაქრაძემ.

”მეორეს მხრივ, რუსეთის ფედერაცია ვერ ართმევს თავს მისთვის დაკისრებულ შუამავლის მოვალეობას და ვერ უზრუნველყოფს სამშვიდობო მოლაპარაკებების მექანიზმების ეფექტურობას,”- განაცხადა ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

6 აგვისტოს საღამოს თბილისში შსკ-ს რუსული მხარის თანათავმჯდომარეს, საგანგებო დავალებათა ელჩს იური პოპოვს ელოდებიან. იგი ცალკ-ცალკე მოლაპარაკებებს გეგმავს დავით ბაქრაძესთან და ბორის ჩოჩიევთან ცხინვალში.

Civil.Ge © 2001-2024