პრეზიდენტი სააკაშვილი საჰაერო თავდასხმის შემდეგ ერთიანობისაკენ მოუწოდებს
/ 7 Aug.'07 / 19:18
სივილ ჯორჯია

საქართველო აცხადებს, რომ დაბომბვისას გამოიყენეს
რუსული წარმოების რადუგა KH-58 ტიპის,
ტაქტიკური ანტი-სარადარო მართვადი რაკეტა.  
შსს-ს ფოტო
ერთიანობის შენარჩუნება და ”საოცარი სიმშვიდე” იქნება საქართველოს ერთადერთი პასუხი მისი ტერიტორიის დაბომბვაზე, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 აგვისტოს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი შიდა ქართლში, იმ ადგილას განაცხადა, სადაც 6 აგვისტოს დაბომბვის ინციდენტი მოხდა. თუმცა მოიერიშე თვითმფრინავიდან გასროლილი რაკეტა არ აფეთქებულა და არავინ დაუშავებია.

პრეზიდენტი სააკაშვილი ინციდენტის ადგილას, სოფელ წითელუბანთან,  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების თანხლებით გაემგზავრა.

”ჩვენ ველით ძლიერ საერთაშორისო რეაქციას,”- განუცხადა მან დიპლომატებს, ”რადგან ეს მხოლოდ საქართველოს საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა და ეს ევროპის უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია”.

მართალია სააკაშვილს ინციდენტში პირდაპირ არ დაუდანაშაულებია რუსეთი, მაგრამ განაცხადა, რომ ეს ნაწილია რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და კავშირშია 11 მარტს კოდორის ხეობის დაბომბვის ფაქტთან და ასევე ესტონეთზე კიბერ-შეტევასთან. მაისში ტალინმა მოსკოვი სამ-კვირიან მასიურ კიბერ-შეტევაში დაადანაშაულა, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა სამინისტროების, პოლიტიკური პარტიების, ბანკების, კერძო კომპანიებისა და მედია-საშუალებების ვებ-გვერდები.

სააკაშვილმა ასევე განუცხადა უცხოელ დიპლომატებს, რომ თბილისს სურს ინციდენტის საერთაშორისო და დამოუკიდებელი გამოძიება.

შიდა ქართლში გამგზავრებამდე დიპლომატიურ კორპუსს თავდასხმის შესახებ დეტალური ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ მიაწოდა. დიპლომატებს ასევე გადაეცათ შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა და რადარის მონაცემები, რომელიც თბილისის განცხადებით, ადასტურებს რუსეთის მონაწილეობას 6 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვაში.

პრეზიდენტს ინციდენტის ადგილას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საჰაერო ძალების პოლკოვნიკმა, რომელმაც განაცხადა, რომ თავდასხმაში რუსული SU-24 ტიპის თვითმფრინავი მონაწილეობდა.

უფრო ადრე, 7 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორმა SU-24 ტიპის თვითმფრინავმა დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე. თუმცა მოგვიანებით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ ერთი თვითმფრინავი მონაწილეობდა დაბომბვაში. საჰაერო ძალების პოლკოვნიკმა განუცხადა პრეზიდენტს, რომ რადარმა გაშვებული რაკეტა შეცდომით აღიქვა როგორც მეორე თვითმფრინავი.

მან ასევე განაცხადა, რომ საჰაერო ფრენების ჩანაწერებით, რომელიც სულ ცოტა ორი რადარიდან იქნა მიღებული, დასტურდება, რომ მართლაც SU-24 ტიპის თვითმფრინავმა აიღო გეზი ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ მოზდოკში მდებარე ბაზიდან საქართველოს მიმართულებით.

საქართველოს საჰაერო ძალების áƒžáƒáƒšáƒ™áƒáƒ•áƒœáƒ˜áƒ™áƒ˜
პრეზიდენტს დაბომბვის დეტალებზე ესაუბრება
თავდაცვის სამინისტროს ფოტო
”მეორეს მხრივ, ჩვენ ასევე შეგვიძლია განვაცხადოთ ამის თაობაზე ჩვენ წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ამ ტიპის რუსული თვითმფრინავები ხშირად არღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს,”- განაცხადა მან და დასძინა, რომ მოიერიშე თვითმფრინავი საათში 800 კმ-ს ავითარებდა.

ამის შემდეგ პრეზიდენტმა მიმართა იქვე მყოფ რამდენიმე ადგილობრივ მოსახლეს, რომლებიც თავდასხმის თვითმხილველები იყვნენ და გამოკითხა ინციდენტის შესახებ. ერთ-ერთმა ქალმა უთხრა პრეზიდენტს, რომ მან მხოლოდ თვითმფრინავი დაინახა. მამაკაცმა კი განაცხადა, რომ მან მხოლოდ სროლის ხმა გაიგო.

პრეზიდენტის განცხადებით, მათ, ვინც ამ თავდასხმის უკან დგას, სურს, რომ საქართველომ განვითარების გზიდან გადაუხვიოს.

”მთელი ეს ამბავი არის გათვლილი მხოლოდ ერთ რამეზე, რომ დაირღვევა საქართველოს სიმშვიდე, სიწყნარე, ეს ყველაფერი გამოიწვევს საზოგადოებაში პანიკას, გათიშულობას და შეცვლის პოლიტიკურ კურსს... ჩვენი პასუხი აი ამ პროვოკაციებზე იქნება საოცარი სიმშვიდე. ჩვენ ვუპასუხებთ მათ ერთიანობით, რასაც ისინი არ მოელიან, ჩვენ ვუპასუხებთ შემდგომი აღმშენებლობით, განვითარებით, გაძლიერების კიდევ უფრო დიდი ტემპით, ვიდრე დღეს ამას ვაკეთებთ,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

რუსეთის პასუხი

ქართველი ექსპერტები ინციდენტის ადგილს
სწავლობენ. 
თავდაცვის სამინისტროს ფოტო
რუსეთმა მომხდართან კავშირი კატეგორიულად უარყო. ოფიციალურმა პირებმა რამოდენიმე ისეთი განცხადებაც გააკეთეს, რომლითაც აშკარად მიანიშნეს, რომ ინციდენტი თავად ქართული მხარის მიერ შეიძლებოდა ყოფილიყო ორგანიზებული.

საქართველოში რუსეთის ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო 7 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.

”მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამაზე. ჰკითხეთ მათ, ვინც ამ აქციის ორგანიზება მოახდინა,”- განუცხადა კოვალენკომ 7 აგვისტოს ჟურნალისტებს სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.

”სხვათა შორის, SU ტიპის თვითმფრინავები არის ასევე ქართულ შეიარაღებულ ძალებში,”- აღნიშნა კოვალენკომ.

რუსეთის საგარეო უწყების საგანგებო დავალებათა ელჩმა, იური პოპოვმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის საკითხებს კურირებს, განაცხადა რომ ინციდენტში არა SU-24 ტიპის, როგორც ამას თბილისი ამტკიცებს, არამედ SU-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ SU-25 ტიპის მოიერიშეები ქართული საჰაერო ძალების შეიარაღებაშია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გადაჭრით უარყო, რომ მისი საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ თავდასხმაში. ”რუსეთის თვითმფრინავებს ამ მიმართულებით ფრენა არ განუხორციელებიათ არც ორშაბათს და არც სამშაბათს, შესაბამისად საქართველოს საჰაერო სივრცეს ვერ დავარღვევდით,”- განუცხადა ”რია ნოვოსტის” რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურის თანაშემწემ ალექსანდრე დრობიშევსკიმ 7 აგვისტოს.

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მომხდარში თბილისი პირდაპირ დაადანაშაულა. მისი თქმით მოიერიშე თვითმფრინავმა ორი ჭურვი გაისროლა, რომელთაგან ერთ–ერთი მისი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მეორე კი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

მსგავსი განცხადება გააკეთა კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების რუსმა მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა. მისი თქმით თვითმფრინავი კონფლიქტის ზონაში აღმოსავლეთიდან, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეფრინდა.

თვითმფრინავმა რაკეტა მას შემდეგ გაისროლა, რაც მას ცეცხლი გაუხსნა სამხრეთ ოსეთის მილიციამ 6 აგვისტოს, განაცხადა მარატ კულახმეტოვმა.

საქართველო აცხადებს, რომ რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა, სავარაუდოდ SU-24 ტიპის, დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და ”ჰაერი-მიწის” ტიპის რაკეტა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მახლობლად ჩამოაგდო.

თუმცა კულახმეტოვმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი საქართველოს მხრიდან შეფრინდა და იმავე მიმართულებით დატოვა ტერიტორია.

”თვითმფრინავი კონფლიქტის ზონაში აღმოსავლეთის მხრიდან შემოვიდა. შემდეგ მან გადაუხვია სამხრეთ-დასავლეთით. სოფელ ღრომის თავზე მას სამხრეთ ოსური მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს. ამან, როგორც ჩანს, პილოტი შეაშინა და უბიძგა მას გაესროლა რაკეტა და შემდეგ გადაეხვია ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, თვითმფრინავი შემდეგ გაფრინდა აღმოსავლეთ მიმართულებით, საიდანაც თავიდან მოფრინდა,”- განუცხადა კულახმეტოვმა ”რია ნოვოსტის”.

11 მარტს ზემო კოდორის ხეობაც დაიბომბა. მაშინაც თბილისმა რუსეთი დაადანაშაულა, თუმცა მოსკოვმა უარყო ბრალდებები.

გაეროს დამკვირვებელთა მისიის მოხსენებაში მხოლოდ მინიშნებულია, რომ რუსულ ვერტმფრენებს შესაძლოა დაებომბათ ზემო კოდორის ხეობა, თუმცა გადაჭრით ამას მოხსენება არ ადასტურებს.

თბილისმა 11 მარტის ინციდენტის საერთაშორისო გამოძიების გაგრძელება ითხოვა, რათა საბოლოოდ გაირკვეს თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ თავდასხმაზე.
 

Civil.Ge © 2001-2024