თბილისის მერი ოპოზიციის ნაწილს ”მოღალატეებს” უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Aug.'07 / 12:32

დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ ”მოღალატეები” უწოდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელთაც განაცხადეს, რომ 6 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა შესაძლოა განახორციელეს არა რუსებმა, არამედ საქართველოს ხელისუფლების ორგანიზებული იყო.

”როცა მთელი მსოფლიო თანახმაა იმაში და ყველა დოკუმენტი არსებობს იმისა, რომ [მოიერიშე თვითმფრინავი] შემოფრინდა ჩრდილოეთის მხრიდან და ჩრდილოეთით ჩვენ გვყავს ერთი მეზობელი, მხოლოდ თავგაყინულ ადამიანს, მოღალატეს შეიძლება მოუვიდეს თავში აზრად, რომ ეს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გააკეთეს,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს გიგი უგულავამ, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა გავლენიანმა ფიგურამ.

განცხადებები იმის თაობაზე, რომ დაბომბვის ინციდენტი შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების მიერ გათამაშებული სპექტაკლი იყო, ლეიბორისტების, პარტიების საქართველოს გზისა და იმედის ლიდერებმა -  შალვა ნათელაშვილმა, სალომე ზურაბიშვილმა და ირინა სარიშვილმა გააკეთეს.

უგულავას განცხადებით, შესაძლოა ამ განცხადებების მიზანი ”პანიკის დათესვა” იყოს. 

Civil.Ge © 2001-2024