კოდორში, სააკაშვილი მშვიდობაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Aug.'07 / 12:50

11 აგვისტოს ზემო კოდორის ხეობაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ თბილისს მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები ამოძრავებს.

იგი სიტყვით ახლად გახსნილ ახალგაზრდულ ’პატრიოტულ ბანაკში’ გამოვიდა. პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი კოდორის ხეობაში შვებულების გასატარებლად ჩავიდა.

”საქართველოს იურისდიქციის აღდგენა კოდორის, ჩხალთის ხეობაში ჭუბერის და მაროხის უღელტეხილხე მოხდა არა ძალადობით და ვინმესთან ანგარიშისწორებით, არამედ საავადმყოფოების, გზების, კინოთეატრების, დისკოტეკების მშენებლობით,” განაცხადა პრეზიდენტმა.

”ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ეს არის ახალგაზრდული ბანაკების პოლიტიკა, კინოთეატრების, ცივილიზაციის, განათლების, სინათლის პოლიტიკა, რომელიც უარყოფს ძალადობის და იარაღის ლოგიკას. ეს არის ქართული პოლიტიკის მთავარი არსი. ჩვენ ამით მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ ჩვენს განსაკუთრებულ სახეს.”

”დაბომბვას ვუპასუხებთ ახალი საავადმყოფოების, სკოლების და გზების მშენებლობით. მათი ვერტმფრენების ხმაურს გადავფარავთ ჩვენი ახალი ხიტებით, სიმღერებით, ცეკვით, ურთიერთობით და ოპტიმიზმით,” დასძინა მან.

მან ხაზი გაუსვა რომ ახალგაზრდული ბანაკი არის ”მშვიდობის ბანაკი” და მისი ფუნქცია არ არის ”ვინმესთვის ნიშნის მოგება” და ”პრობლემების შექმნა.” ეს როგორც ჩანს იყო მისი პასუხი გაეროს გენერალური მდივნის აფხაზეთის შესახებ ბოლო მოხსენებაზე, სადაც თბილისს მოუწოდებენ დახუროს კიდევ ერთი მსგავსი ბანაკი, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ განმუხურში მდებარეობს.

Civil.Ge © 2001-2024