თვითმფრინავი რუსეთიდან შემოფრინდა - აცხადებს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი
/ 16 Aug.'07 / 11:09
სივილ ჯორჯია

რუსები თავიანთ ექსპერტებს აგზავნიან

ამოუცნობი თვითმფრინავი 6 აგვისტოს საქართველოში რუსეთის მხრიდან შეფრინდა და იგივე მიმართულებით უკან გაფრინდა, ნათქვამია საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ 15 აგვისტოს გამოქვეყნებულ დასკვნაში.

რვაკაციანი საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც ლიტველი, ლატვიელი, შვედი და ამერიკელი ექსპერტებისგან შედგებოდა, 6 აგვისტოც საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და საქართველოს ტერიტორიაზე ბომბის ჩამოგდების ინციდენტს 12-დან 14 აგვისტოს ჩათვლით იძიებდა.

დასკვნაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე 6 აგვისტოს სამჯელ დაარღვია, სტეფანწმინდის (ყოფილი ყაზბეგი) მახლობლად. დოკუმენტის თანახმად მოქმედებდა მხოლოდ ერთი თვითმფრინავი. ჯგუფმა ვერ შეძლო დაედგინა თუ რა ტიპის თვითმფრინავი იყო,

”პირველი შემოსვლა საქართველოს საჰაერო სივრცეში წუთზე უფრო ცოტა ხანი გაგრძელდა. ორი მომდევნო შემოფრენა გაცილებით უფრო დიდ ხანს გაგრძელდა, რომლის დროსაც ამოუცნობი თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში ღრმად შემოფრინდა,” ვკითხულობთ მოხსენებაში.

თვითმფრინავის მიერ ჩამოგდებული რაკეტა, მოხსენების თანახმად, არის რუსული წარმების Kh-58 (AS-11 KILTER) ტიპის ანტი-სარადარო რაკეტა.

”საქართველოს საჰაერო ძალებს არ გააჩნია თვითმფრინავები, რომლებიც აღჭურვილია ხსენებული ტიპის მართვადი რაკეტით ან რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი რაკეტის ჩამოგდება. საქართველოს საჰაერო ძალებს ასევე არ გააჩნიათ ისეთი თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ ამოუცნობი თვითმფრინავის მიერ განხორციელებული მანევრის შესრულება,” ნათქვამია მოხსენებაში.

ესქპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა ვერ შეძლო დაედასტურებინა მეორე რაკეტის ჩამოგდების ფაქტი. ცხინვალის ხელისუფლების განცხადებით, 6 აგვისტოს  მოქმედებდა ქართული თვითმფრინავი, რომელმაც ორი რაკეტა გაისროლა, რომელთაგან ერთ-ერთი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაეცა.

ესქპერტთა ჯგუფმა ასევე ვერ შეძლო დაედასტურებინა ცნობები იმის თაობაზე რომ ამოუცნობ თვითმფრინავს გადასატანი საზენიტო კომპლექსიდან ესროლეს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, თვითმფრინავს ”სტრელას” ტიპის რაკეტა ესროლეს ხმელეთიდან. იმის გამო რომ პილოტს რაკეტის აცილებისთვის საჭირო მანევრი ჩაეტარებინა იგი იძულებული გახდა საკუთარი რაკეტა მოეცილებინა და ის უბრალოდ ჩამოაგდა. ამიტომაც, ამ წყაროების ცნობით, რაკეტა არ აფეთქებულა.

”ანგარიში ადასტურებს ქართულ მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უტყუარობას,” განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა დავით დონდუამ 15 აგვისტოს.

მისივე თქმჳთ ქართული მხარე ასევე მიესალმება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიგელ ანხელ მორატინოსის მიერ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას, რომელიც უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და ადგილზე შეისწავლოს აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებული მდგომარეობა.

ამასობაში, 16 აგვისტოს თბილისში რუსეთიდან ჩამოდის 25-კაციანი დელეგაცია, რომელიც ქართულ მხარესთან ერთად შეისწავლის 6 აგვისტოს ინციდენტის გარემოებებს.

დელეგაცია, რომელსაც რუსეთის საჰაერო ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ ხვაროვი ხელმძღვანელობს, თბილისში სპეცრეისით ჩამოფრინდება.

დელეგაციაში ასევე შედის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ვალერი კენიაკინი და სპეციალისტები თავდაცვის სამინისტროდან.

”რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმიდს გამოთქვამს, რომ მოსალოდნელი რუსულ-ქართული ურთიერთქმედება ხელს შეუწყობს ობიექტურად მოფინოს ნათელი მომხდარის ყველა გარემოებას,” ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 15 აგვისტოს განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024