რუსი ექსპერტები მიანიშნებენ, რომ 6 აგვისტოს ინციდენტი დადგმული იყო
/ 18 Aug.'07 / 12:36
სივილ ჯორჯია

ვერც სარადარო მონაცემები და ვერც რაკეტის ფრაგმენტები ვერ ადასტურებენ, რომ რუსეთს რაიმე კავშირი ქონდა 6 აგვისტოს ინციდენტთან, განაცხადეს რუსმა სამხედრო ექსპერტებმა საქართველოში ორდღიანი მუშაობის დასრულების შემდეგ. მათი თქმით, ქართული მხარის მტკიცებულებები გაყალბებული, ხოლო თავად ინციდენტი შესაძლოა დადგმული ყოფილიყო.

საჰაერო კონტროლისა და საავიაციო შეიარაღების სპეციალისტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან საქართველოში 16-17 აგვისტოს იმყოფებოდნენ. დელეგაციაში, რომელსაც რუსეთის საჰაერო ძალების გენშტაბის მეთაური იგორ ხვოროვი ხელმძღვანელობდა, ასევე შედიოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი დსთ-ს საკითხებში ვალერი კენიაიკინი. მუშაობის დასრულების შემდეგ, 17 აგვისტოს, დელეგაციის სრულმა შემადგენლობამ, რუსეთის საელჩოში პრესკონფერენცია მოიწვია, რომელსაც რუსეთის ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკოც ესწრებოდა.

’რუსული თვითმფრინავი არ ყოფილა’

გენერალ-ლეიტენანტმა ხვოროვმა განაცხადა, რომ მათთვის ”პრინციპში სურათი ნათელი იყო ჯერ კიდევ მოსკოვში,” მაგრამ იმის გამო რომ რუსეთის მიმართ სერიოზული ბრალდებები გაისმა, საჭირო გახდა მასალების სერიოზული გაცნობა.

”რუსეთის 6 აგვისტოს საჰაერო კონტროლის ჩანაწერების მიხედვით, რუსეთ-საქართველოს საზღვარი მხოლოდ სამოქალაქო თვითმფრინავებმა გადაკვეთეს, მათ შორის ერთი ერევნის რეისი იყო. ყველა ამ რეისის მიმდინარეობას, როგორც ხდება ხოლმე, რუსი და ქართველი დისპეჩერები ერთმანეთთან ათანხმებდნენ,” - განაცხადა ხვოროვმა.

მისი თქმით, ქართული მხარის მიერ მოწოდებულმა საჰაერო სივრცის კონტროლის ჩანაწერებმა, რომლებიც თითქოს ადასტურებენ რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთიდან დაირღვა, ”მრავალი კითხვა დაბადა.”

ხვოროვმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების მიერ ჩატარებულმა მონიტორიგმა დაადგინა, რომ ამოუცნობი თვითმფრინავი მანევრირებდა.

”ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც სამხედრო თვითმფრინავი ჰაერში მანევრირებს. აღნიშნული თვითმფრინავი საკმაოდ რთულ მანევრებსაც კი ასრულებდა,” - განაცხადა ხვოროვმა და იქვე დასძინა, ”მაგრამ საქმე ის არის რომ მოწოდებულ სარადარო მონაცემებზე თვითმფრინავის ეს მანევრირება საერთოდ არ არის ასახული.”

მისივე თქმით, ქართული მხარის სარადარო მონაცემების სანდოობა უფრო მეტად დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ რაც გაირკვა რომ მასზე ასახულია მხოლოდ ერთი თვითმფრინავი და საერთოდ არ ჩანან სხვა თვითმფრინავები. ხვოროვის თქმით იმავე დროს აღნიშნულ სივრცეში რამოდენიმე სამოქალაქო თვითმფრინავია დაფიქსირებული რუსულ რადარებზე.

”ჩვენ ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ყოველივე ამ ინფორმაციიდან: რუსეთის მხრიდან რუსეთის თვითფრინავით რუსეთ-საქართველოს საზღვრის დარღვევა არ მომხდარა,” - განაცხადა ხვოროვმა.

მისი თქმით, რუს ექსპერტებს უკვე რადარების ჩანაწერების შესწავლის შემდეგაც შეეძლო მუშაობის დასრულება, ”მაგრამ გვსურდა ბოლომდე თანამშრომლობა” ამიტომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაც და რაკეტის ფრაგმენტების შესწავლაც მოხდა. ხვოროვის თქმით, ექსპერტებმა გამოძიების ამ ეტაპებზე კიდევ უფრო უცნაური გარემოებების აღმოჩენა შეძლეს.

’ძველი, დაჟანგული რაკეტა’

რუსმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მათ შემთხვევის ადგილას, სოფელ წითელუბანში, ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახეს, რადგან ყველაზე საინტერესო ნივთმტიცებულება - რაკეტის მიერ დატოვებული ღრმული - უკვე ამოვსებული იყო.

გენერალ-ლეიტენანტმა ხვოროვმა განაცხადა, რომ არა მარტო ეს, არამედ ”სხვა მრავალი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები ქართულმა მხარემ გაანადგურა.” ”ჩვენ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას არ სურდა ჩვენ სიმართლე გაგვეგო,” დასძინა მან.

მისი თქმით, რაკეტის ფრაგმენტების ორი-მესამედი უბრალოდ აღარ მოიპოვება, ”არადა ჩვენ ქართულმა მხარემ განგვიცხადა რომ ყველა გრაგმენტი შენახული ქონდათ.”

”თვით რაკეტის სერიული ნომერიც კი განადგურებულია,” თქვა ხვოროვმა, ”ჩვენ ბევრი ვეძებეთ ფრანგმენტებს შორის ეს ნომერი, მაგრამ ვერ ვნახეთ.”

მისი თქმით, ქართულმა მხარემ რაკეტის დეტონატორიც გაანადგურა. დეტონატორის შესწავლა, რუსი ექსპერტების თქმით, აუცილებელი იყო იმისთვის რომ დადგენილიყო ზუსტი მიზეზი თუ რატომ არ აფეთქდა რაკეტა. მათი დასკვნით, რაკეტა იმიტრომ არ აფეთქდა, რომ ის უბრალოდ არც არავის გაუსვრია. რაკეტა რომ თვითმფრინავს გაესროლა ის ყველა შემთხვევაში უნდა აფეთქებულიყო, თქვეს რუსმა ექსპერტებმა.

პაველ აკულენოკმა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში საავიაციო შეიარაღების სპეციალისტია, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რაკეტის მთავარი, ცენტრალური ნაწილი, სადაც განთავსებულია  რაკეტის ფრთები, ძრავი და სადაც მითითებულია რაკეტის სერიული ნომერი, აღარ მოიპოვება.

”კითხვაზე თუ სად არის ეს ნაწილი, ჩვენ ქართველმა გამომძიებლებმა გვიპასუხეს რომ განადგურებულია. გაუგაბარია რატომ ეჩქარებოდათ ასე ძალიან ამ ნაწილების განადგურება?” განაცხადა აკულენოკმა.

მისი თქმით ქართულმა მხარემ მათ რაკეტის ის ნაწილი სადაც სერიული ნომერია მინიშნებული, მხოლოდ ფოტოსურათის მეშვეობით აჩვენა. ”ყველას კარგად მოეხსენება თუ რა ადვილია ფოტოთი მანიპულირება. მასზე რასაც გინდა იმიას დაწერ,” დასძინა მან.

აკულენოკმა განაცხადა, რომ ჯგუფმა დაკვირვებით შეისწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული რაკეტის ფრაგმენტები და დაასხვნა, რომ ”მხოლოდ ცალკეული ფრანგმეტები” ეკუთვნის რუსული წარმოების რადუგა KH-58 ტიპის, ტაქტიკური ანტი-სარადარო მართვად რაკეტას (ნატოს კლასიფიკაციით AS 11 Kilter).

რუსი ექსპერტების მტკიცებით, ფრაგმენტები იკუთვნის რამოდენიმე სხვადასხვა რაკეტას და არა ერთ კონკრეტულს.

”რაკეტის ერთ-ერთი ნაწილი მისი ცენტრალური ნაწილისგან იყო განცალკევებული. როდესაც ვიკითხე რამ გამოიწვია მათი განცხალკევება, ქართველმა გამომძიებლებმა მიპასუხეს, ალბათ ჩამოვარდნის დროს განცხალკევდაო. არადა ნათლად ჩანდა, რომ ეს ნაწილი, ძირითადისგან ჩვეულებრივი, მეტალის საჭრელით იყო განცალკევებული,” განაცხადა აკულენოკმა.

მისივე თქმით რაკეტის ამ ფრაგმენტზე კოროზიის ნიშნები შეინიშნებოდა. ”ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ეს საერთოდ არ ყოფილა ამ რაკეტის ფრაგმენტი, არამედ რომელიღაცა სრულიად სხვა, ძველი, დაჟანგებული რაკეტის ნაწილი იყო,” დასძინა მან.

აკულენოკმა პრეს-კონფერენციაზე წარმოადგინა, ქართველი გამომძიებლების მიერ მოწოდებული ფოტო რომელზეც რაკეტის ერთ-ერთი ფრაგმენტი იყო ასახული.

”თუ ამას კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ ამ ნაწილს წარწერა არა რუსულ არამედ უცხოურ ენაზე აქვს. ქართული მხარის მტკიცებით, მოცემული რაკეტა 1991-92 წლებში იყო გამოშვებული. რუსეთის კანონმდებლობით აკრძალულია უცხოური წარმოების ნაწილების დამონტაჟება რუსულ საავიაციო რაკეტებზე და ბომბებზე,” განაცხადა აკულენოკმა.

მისივე თქმით ამ ტიპის რაკეტების ფრთებს ტიტანისგან ამზადებენ. ”ფრაგმენტები რომელიც გვითხრეს რომ ფრების იყო ნამდვილად არ იყო დამზადებული ტიტანისგან,” დასძინა მან.

გენერალ-ლეიტენანტ ხვოროვის თქმით საბჭოთა კავშირის დროს, KH-58 ტიპის რაკეტები შედიოდა საქართველოში განლაგებული ორი აეროდრომის შეიარაღებაში. ეს რაკეტები, მისივე თქმით, 1992 წლამდე ინახებოდა საქართველოში არსებულ საცავშიც.

”თქვენ კარგად მოგეხსენებათ რა რთული პერიოდი იყო ეს. ასე რომ არ არის გამორიცხული ეს რაკეტა იმ დროინდელიც იყოს და იმ [საცავიდანაც] მოდიოდეს,” განაცხადა ხვოროვმა.

’პოლიტიკოსების და არა ექსპერტების დასკვნა’

რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩმა ვალერი კენიაკინამ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსი გამომძიებლების დასკვნებმა ”გაანადგურეს” ქართული მხარის ვერსიები.

მისივე თქმით რუსეთი მზად იყო, ქართული მხარის თანხმობის შემთხვევაში, გაეგრძელებინა მუშაობა, რათა მოეძებნათ ის ძალები, რომლებსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაძლოა ვერც აკონტროლებს, რომლებსაც შესაძლოა აწყობდეთ 6 აგვისტოს მსგავსი პროვოკაციები.

მან ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო ექსპერტთან ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც მთლიანობაში იზიარებს, ქართული მხარის მოსაზრებას და აცხადებს, რომ თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის მხრიდან დაარღვია. ეს ჯგუფი ლიტველი, ლატვიელი, შვედი და ამერიკელი ექსპერტებისგან შედგებოდა.

”როგორც ჩანს ისინი ექსპერტები კი არა, უფრო პოლიტიკოსები იყვნენ,” განაცხადა ამ ჯგუფის შესახებ კენიაკინმა.

მისი თქმით, ჯგუფის დასკვნა ცალმხრივი იყო რადგან მხოლოდ ქართული მხარის მიერ მიწოდებულ მასალებს ეყრდნობოდა და არ იყო გადამოწმებული რუსულ მონაცემებთან.

ამასობაში, 17 აგვისტოს საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება რომლითაც საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ ვაშინგტონი ქართული მხარის ვერსიას სრულიად იზიარებს. განცხადებაში 6 აგვისტოს ინციდენტი აღწერილია, როგორც ”საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთის საჰაერო სივრციდან სამხედრო თვითმფრინავის შეჭრის ფაქტი.”

ქართულმა მხარემ უკვე განაცხადა რომ დიდი მნიშვნელობა არ ქონდა, თუ რას განაცხადებენ რუსი გამომძიებლები, რადგან უკვე არსებობსსაერთაშორისო ექსპერტების  სანდო დასკვნა.

”სამწუხაროდ რუსულმა მხარემ არ გამოიჩინა კონსტრუქციულობა და პრაქტიკულად თავი აარიდა გამოძიებასთან თანამშრომლობას,” განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ 17 აგვისტოს.

”ამრიგად, აღნიშნულ საკითხზე რუსულ მხარესთან კონსულტაციების შესაძლებლობები ამოწურულია და საქართველოს მხარე საერთაშორისო თანამეგობრობისგან მოელის ... საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაბომბვის ფაქტის პოლიტიკურ შეფასებას,” დასძინა მან.

Civil.Ge © 2001-2024