ევროპელი ექსპერტები 6 აგვისტოს ინციდენტს სწავლობენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Aug.'07 / 12:57

ბრიტანელი, ფრანგი, ესტონელი და პოლონელი ექსპერტები საქართველოში იმყოფებიან რათა 6 აგვისტოს ინციდენტის დეტალები შეისწავლონ, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა 18 აგვისტოს.

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის დენის კიფის განცხადებით მას იმედი აქვს, რომ ჯგუფის მუშაობა სწრაფი და სრულყოფილი იქნება.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტალინმა საქართველოში ორი ექსპერტი - ერთი რადარების საკითხებში, ხოლო მეორე ავიაციის სპეციალისტი - გამოგზავნა.

”ესტონელი ექსპერტები დახმარებას გაუწევენ გამოძიებულ იქნეს ეს ინციდენტი, რათა გაირკვეს თუ ვინდ დგას მის უკან,” - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა და იქვე დასძინა, - ”ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ გამოძიება რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით უნდა ტარდებოდეს.”

ეს ამ საკითხზე მომუშავე უკვე მეორე ექსპერტთან ჯგუფია, რომელიც დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებისგან შედგება. პირველმა ჯგუფმა, რომელიც შვედი, ლიტველი, ლატვიელი და ამერიკელი ექსპერტებისგან შედგებოდა, დაასკვნა რომ 6 აგვისტოს თვითმფრინავი რუსეთიდან შემოფრინდა, ანტი-სარადარო ბომბი ჩამოაგდო და ისევ რუსეთის მიმართულებით გაფრინდა.

16-17 აგვისტოს საკითხზე რუსმა სამხედრო ექსპერტებმაც იმუშავეს, რომლებმაც საპირისპირო დაასკვნეს და ვარაუდი გამოთქვეს რომ ინციდენტი დადგმული იყო.

ამასობაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსულ ტელეარხ ”ვესტის” 18 აგვისტო განუცხადა, რომ 6 აგვისტოს ინციდენტი მოსკოვის ინტერესებში არ შედიოდა. მისი თქმით ეს ”მხოლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის ნორმალური ურთიერთობის მტრებს აძლევდათ ხელს.”

Civil.Ge © 2001-2024