ევროპელ ექსპერტთა ვარაუდით, 6 აგვისტოს ინციდენტში რუსეთი მონაწილეობდა
/ 21 Aug.'07 / 20:40
სივილ ჯორჯია

ძირითადი დასკვნები:

  • რუსეთის მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ მათ განცხადებას ინციდენტში არმონაწილეობის თაობაზე;
  • საქართველოს საჰაერო სივრცე სამჯერ დაირღვა რუსეთიდან შემოფრენილი სულ ცოტა ერთი თვითმფრინავის მიერ;
  • ბოლო ორი შემოფრენა განხორციელდა გორის მახლობლად მდებარე ქართული რადარის მიმართულებით;
  • რაკეტა ქართული რადარის მიმართულებით გამოისროლეს;
  • თუ სამიზნე რადარი იყო, რაკეტა მინიმალური მანძილიდან (10 კმ-ის დაშორებიდან) გაისროლეს;
  • რაკეტის გასროლისთანავე სარადარო სამსახურის წევრები თავდაცვით რეჟიმზე გადავიდნენ და რადარი გამორთეს;
  • თვითმფრინავის მიერ ნასროლი რაკეტა რადარის ადგილმდებარეობიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა, თუმცა არ აფეთქებულა;
  • თვითმფრინავმა გამოისროლა რუსული წარმოების KH-58U ტიპის ანტი-სარადარო მართვადი რაკეტა;
  • საქართველოს საჰაერო ძალების განკარგულებაში მყოფი თვითმფრინავების შემოწმებამ ცხადყო, რომ საქართველოს ამგვარი ტიპის რაკეტის მართვის შესაძლებლობა არ გააჩნია.

ევროპელი სამხედრო ექსპერტები დაეთანხმნენ წინა საგამოძიებო ჯგუფის დასკვნას და განაცხადეს, რომ სულ ცოტა ერთი სამხედრო თვითმფრინავი შემოიჭრა საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთიდან, ანტი-სარადარო რაკეტა გაისროლა და უკანვე, რუსეთის ფედერაციაში დაბრუნდა.  
 
დასკვნა, რომელიც 21 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ბრიტანელმა, ესტონელმა და პოლონელმა ექსპერტებმა შეადგინეს. ის áƒ¤áƒáƒ¥áƒ¢áƒ˜áƒ£áƒ áƒáƒ“ შესაბამისობაშია ექსპერტთა პირველი საერთაშორისო ჯგუფის ანგარიშთან, თუმცა მას, გარკვეულწილად, დამატებითი ინფორმაციით ავსებს. ანგარიში ასევე შეიცავს რამოდენიმე დეტალს, რომელიც რუსული საგამოძიებო ჯგუფის მიერ წამოყენებულ არგუმენტებს სადავოს ხდის.
 
”თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო სივრციდან შემოფრინდა და უკანვე, რუსეთის ფედერაციაში დაბრუნდა. რაკეტა რუსული წარმოების იყო. რეგიონის მასშტაბით რუსეთი ერთადერთი შესაძლო ქვეყანაა, რომელსაც ამ სახის იარაღის შესაბამისად გამოყენება შეუძლია,” - ნათქვამია ანგარიშში.
 
ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ბრიგადის გენერალი და სუ-24-ის ყოფილი პილოტი ველო ლოემაა და áƒ”ქსპერტი რადარების საკითხებში მარტ მაგი ესტონეთიდან; სუ-22-ის პილოტი, მაიორი ანჟეი ვიტაკი და შეიარაღების სპეციალისტი, კაპიტან პჟემისლავ პულკა პოლონეთიდან და სარაკეტო სისტემების ექსპერტი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროდან კიმ ბეიკერი. თავდაპირველად გამოცხადდა, რომ ჯგუფის მუშაობაში ფრანგი ექსპერტებიც ჩაერთვებოდნენ, თუმცა ჯერ გაურკვეველი მიზეზების გამო ეს áƒáƒ  მომხდარა.
 
საჰაერო სარადარო მონაცემები
 
ჯგუფის ანგარიშის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო და სამხედრო რადარების ჩანაწერები მიანიშნებენ, რომ სულ ცოტა ერთი, ან შესაძლოა ორი თვითმფრინავი მონაწილეობდა ინციდენტში. თუმცა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ თვითმხილველებმა მხოლოდ ერთი საფრენი აპარატი შენიშნეს.
 
ანგარიშის თანახმად, ინციდენტში მონაწილე საფრენი აპარატები დააფიქსირა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის კონტროლის ძირითადმა რადარმა და ასევე საქართველოს ძირითადმა სამხედრო áƒ áƒáƒ“არმა.
 
ანგარიშის თანახმად, საქართველოს სარადარო ჩანაწერებმა დაადასტურა, რომ შეუძლებელი იყო მეორადი რადარების მიერ თვითმფრინავების დაფიქსირება.
 
თუმცა, რუსულმა მხარემ, რომელმაც უარყო რაიმე მონაწილეობა ინციდენტში, თავისი საკუთარი სარადარო მონაცემები წარმოადგინა, რომელიც მხოლოდ მეორად სარადარო ინფორმაციას შეიცავდა.  
 
”ამრიგად, რუსული მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ ადასტურებს მათ არგუმენტებს [ინციდენტში არმონაწილეობის თაობაზე],” ნათქვამია მოხსენებაში.  ”ჯგუფმა მიიჩნია, რომ ინციდენტის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება იქნებოდა შესაძლებელი, თუ რუსეთი [პირველად] სამხედრო სარადარო ჩანაწერებს წარადგენდა, უკვე მიღებულ მეორად ჩანაწერებთან ერთად”.
 
რაკეტა
 
ჯგუფმა დაასკვნა, რომ ინციდენტის დროს გამოყენებული რაკეტა არის რუსეთის ფედერაციაში 1992 წლის ოქტომბერში წარმოებული KH-58 ტიპის (ნატოს კლასიფიკაციით AS 11 Kilter), ანტი-სარადარო მართვადი რაკეტა. ”ამგვარი ტიპის რაკეტა საექსპორტოდ არ იწარმოება,” ხაზგასმულია ანგარიშში.
 
ანგარიში გამორიცხავს ადრე გავრცელებულ ვარაუდებს იმის თაობაზე, რომ რაკეტა შესაძლოა კი არ ისროლეს, არამედ ჩამოაგდეს თვიმფრინავიდან.
 
”რაკეტის საწვავი მთლიანად იყო გამოყენებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რაკეტა ისროლეს. რაკეტა ჩამოგდებული რომ ყოფილიყო (საგანგებო ვითარების გამო), საწვავი არ იქნებოდა დაცლილი”, - ნათქვამია ანგარიშში.
 
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა იმიტომ ჩამოაგდო რაკეტა, რომ მას სამხრეთ ოსურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ”სტრელას“ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა ესროლეს ხმელეთიდან.
 
”ჯგუფმა შეამოწმა ტიპიური ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტის მოქმედების არეალი და გამოსროლის სავარაუდო ადგილის, თვითმფრინავის სიჩქარისა და სიმაღლის გათვალისწინებით შეუძლებლად მიიჩნია, რომ ხმელეთიდან გასროლილი რაკეტა თვითმფრინავს მოხვედროდა,” - ნათქვამია ანგარიშში. თუმცა, მოხსენბა ვერ უარყოფს რომ ხმელეთიდან რაკეტა საერთოდ არ უსვრიათ.
 
გამოძიების ფარგლებში ჯგუფი ასევე ესტუმრა საქართველოს საჰაერო ბაზას მარნეულში და საჰაერო ძალების განკარგულებაში მყოფი ათივე სუ-25 შეამოწმა (საქართველოს სუ-24 არ ჰყავს).
 
”ჯგუფის ექსპერტებმა საჰაერო საკითხებში დაადასტურეს, რომ ამ  თვითმფრინავებს არ გააჩნიათ KH-58 ტიპის რაკეტების ტარების ან მართვის აღჭურვილობა,” - ნათქვამია ანგარიშში. ჯგუფმა საჰაერო ბაზაზე ასევე შეამოწმა იარაღის შესანახი ობიექტები, სადაც KH-58 ტიპის რაკეტების არსებობის დამადასტურებელი ფაქტები ვერ იქნა აღმოჩენილი, დასძენს დოკუმენტი. 
 
შესაძლო სამიზნე
 
ჯგუფი ვარაუდობს, რომ თავდასხმის სამიზნე შესაძლოა საქართველოს 36D6-M ჰაერსაწინააღმდეგო რადარი (ნატოს კლასიფიკაციით Tin Shield) ყოფილიყო.
 
თვითმფინავიდან გამოსროლილი რაკეტა სოფელ წითელიუბანში ჩამოვარდა, ქართული რადარის განთავსების ადგილიდან 5 კილომეტრში.
 
დოკუმენტის თანახმად, მესამე შემოჭრისას (სულ თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში სამჯერ შემოიჭრა) თვითმფრინავი რადარის მიმართულებით გაფრინდა. ეს უკანასკნელი თვითმფრინავის მოძრაობას  რაკეტის ჩამოგდებამდე ადევნებდა თვალყურს. რადარმა შეწყვიტა ეს პროცესი, როგორც კი სარადარო სამსახურის ერთ-ერთმა წევრმა რაკეტის გასროლა შენიშნა, ნათქვამია ანგარიშში. რადარის გამორთვა სტანდარტული პროცედურაა, როდესაც მასზე სარაკეტო იერიში ხორციელდება.
 
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რადარის გამორთვის გამო, რაკეტამ დაკარგა რადარის ადგილმდებარეობის ზუსტი პარამეტრები.
 
”ამ მომენტისთვის თვითმფრინავი რადარიდან დაახლოებით 10 კილომეტრში იმყოფებოდა,” - ნათქვამია ანგარიშში.

KH-58 ტიპის რაკეტები რადარის მოსაძებნად თვითმფრინავების სენსორებიდან წინასწარ მიწოდებულ პარამეტრებს იყენებენ. მაგრამ იმის გამო რომ არეალი და მოქმედების ზონა შეზღუდული იყო - 10 კილომეტრი - რასაც რადარის გამორთვაც დაემატა, რაკეტა სხვა მიმართულებით დაეცა.

”3-5 კილომეტრის ცდომილება ჩვეულებრივი მოვლენაა ამგვარ ვითარებაში - კერძოდ მაშინ როდესაც რაკეტას რადარის ადგილმდებარეობის ძველი პარამეტრები აქვს და როდესაც პარამეტრების განახლების შესაძლებლობა ფაქტიურად არ არსებობს”, - ნათქვამია დასკვნაში.
 
თუმცა დოკუმენტი იქვე დასძენს: ”ჯგუფი არ ამტკიცებს, რომ რადარზე განზრახ მიიტანეს იერიში. ამ მომენტისთვის მაინც არ არის მთლად ნათელი თუ რატომ ასცდა რაკეტა სამიზნეს და რატომ არ განხორციელდა თვითგანადგურება, თუმცა ამის შესაძლო მიზეზი რადარის გამორთვა და შეზღუდული არეალი ყოფილიყო.”

თვითმფრინავის ტიპი
 
ლატვიის, ლიტვის, შვედეთისა და შეერთებული შტატების ექსპერტებისგან შემდგარმა წინა საგამოძიებო ჯგუფმა განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო ინციდენტში მონაწილე საფრენი აპარატის ტიპის დადგენა. საქართველოს განცხადებით, ინციდენტში სუ-24 მონაწილეობდა.
 
ექსპერტთა მეორე ჯგუფმა ასევე ვერ შეძლო საკითხის მკაფიოდ განმარტება. თუმცა, მას მოჰყავს თვითმხილველის - გორის სიახლოვეს მდებარე სარადარო სამსახურის თანამშრომლის -  ჩვენება, რომლის თანახმადაც ინციდენტში სუ-24 მონაწილეობდა.
 
”ჯგუფმა გამოკითხა სარადარო სამსახურის წარმომადგენელი და უჩვენა მას თვითმფრინავების სურათები. ნათელი გახდა, რომ მას არ გააჩნდა არანაირი ცოდნა თვითმფრინავების შესახებ. მისი აზრით, მის მიერ დანახულ თვითმფრინავს ყველაზე მეტად სუ-24 წააგავდა. მან უარყო სუ-25, მიგ-25 და მიგ-27-ის სურათები,” - ნათქვამია ანგარიშში.

Civil.Ge © 2001-2024