ბაღაფშს ზემო კოდორის ხეობაზე კონტროლის აღდგენა სურს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Aug.'07 / 15:08

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ზემო კოდორის ხეობა აფხაზეთის ტერიტორიაა და არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ სოხუმი აღადგენს მასზე კონტროლს.

საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ზემო კოდორის ხეობაზე კონტროლი გასული წლის ზაფხულში დაამყარა, მას შემდეგ რაც იქიდან ემზარ კვიციანი და მისი შეიარაღებული მომხრეები განდევნა. მანამდე ზემო კოდორის ხეობა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარებოდა, თუმცა იქ არც აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლი ვრცელდებოდა.

ბაღაფშმა ეს განცხადება კოდორის ხეობის მახლობლად წებელდას პოლიგონზე მიმდინარე სამხედრო წვრთნების დროს გააკეთა. აფხაზური ძალები მთიან ადგილებში სავარაუდო მტრის იერიშის მოგერიებაზე გადიან წვრთნებს. წვრთნები 24 აგვისტოს ოჩამჩირეს მახლობლად, ნაგვალოუს პოლიგონზე გაგრძელდება, სადაც სამხედროები ზღვიდან იერიშის მოგერიებაზე ივარჯიშებენ.   

Civil.Ge © 2001-2024