მმართველმა პარტიამ პარლამენტის თავმჯდომარის პრეტენზიებს იგნორირებით უპასუხა
/ 5 Sep.'07 / 21:12
სივილ ჯორჯია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა 5 სექტემბერს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მათ არ უმსჯელიათ პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პრეტენზიებზე აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რითაც კიდევ უფრო დააკნინეს სპიკერის განცხადებების მნიშვნელობა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც სატელევიზიო მიმართვა გააკეთა შეხვედრის შემდეგ, ასევე ყურადღების მიღმა დატოვა ეს საკითხი და მხოლოდ გადახალისებული მთავრობის ახალ პროგრამაზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მმართველ უმრავლესობასთან შეხვედრა 5 სექტემბერს საღამოს მას შემდეგ გამართა, რაც წინა დღეს ნინო ბურჯანაძემ პრეტენზიები გამოთქვა იმის გამო, რომ იგნორირება გაუკეთეს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული კონსულტაციების დროს. მან ასევე გააკრიტიკა ყოფილი ფინანსთა მინისტრის ლექსო ალექსიშვილის მასთან შეუთანხმებელი დასახელება ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად.

”ეს საკითხი საერთოდ არ ყოფილა განხილული,”- განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” გავლენიანმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. ”ჩვენ გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელეთ, მათ შორის საგარეო პოლიტიკური მიმართულების... ასევე განვიხილეთ წინასაარჩევნო კამპანიის საკითხები”.

ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ ბურჯანაძის განცხადებებს ”გადაჭარბებული აჟიოტაჟი” მოჰყვა. იმავდროულად, მან  კატეგორიულად გამორიცხა რაიმე ტიპის განხეთქილება უმრავლესობის შიგნით.

”რაც შეეხება ლექსო ალექსიშვილს, მას განსხვავებული პოზიცია აქვს, ისევე როგორც მე. მაგრამ სიტუაციის დრამატიზება საჭირო არ არის,”- განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე მხარს უჭერს მთავრობის ახალ შემადგენლობას და ”თქვენ დაინახავთ ამ მხარდაჭერას ორ დღეში, როცა პარლამენტი განიხილავს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს”.

ბოკერიამ განაცხადა, რომ ალექსიშვილი უკვე წარდგენილია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად და გაგრძელდება კონსულტაციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტობამდე კანდიდატი ჯერ საბჭოს წევრად უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა.

ბოკერიას კომენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მმართველი პარტიის ერთი ნაწილი მტკიცედ უჭერს მხარს ალექსიშვილის წარდგენას, მიუხედევად ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგობისა, რომელიც შეეცადა ეროვნულ ბანკში საკუთარი კანდიდატურის - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის გაყვანას. ლექსო ალექსიშვილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის პროტეჟეა.

იმავდროულად, სააკაშვილმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ მთავრობის გადახალისებული შემადგენლობა ”დიდი ენთუზიაზმით” მიიღებს მმართველი უმრავლესობის მხარდაჭერას პარლამენტში. პრეზიდენტს ამ გამოსვლის დროს გვერდით პრემიერი ნოღაიდელი ედგა.

”ჩვენი მთავრობის სიძლიერე არის ერთიანობაში... ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოესი მეგობარიც კი ვერ დარჩება მინისტრად თუ რაღაც პრობლემა შექმნა, თუ რომელიმე ამოცანა ვერ შეასრულა,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”ყველა პროფესიონალი, იმის მიუხედავად როდის შემოუერთდა ამ გუნდს და რას აკეთებდა წარსულში, თუკი ის საქმის გამკეთებელია, ბოლომდე უნდა დააფასო და ხელი უნდა შეუწყო,”- დასძინა მან.

პრეზიდენტი áƒ›áƒ˜áƒ”სალმა ახალი მთავრობის პროგრამას, როგორც შედეგზე ორიენტირებულ გეგმას საქართველოს გაძლიერების, ეფექტური მართლმსაჯულების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, სამართალდამცავი სისტემის გაძლიერების, ენერგოუსაფრთხოების, თანაბარი შესაძლებლობის შექმნის, ხარისხიანი განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისაკენ მიმართულს.

”საბოლოო ჯამში ჩვენი მთავრობის მიზანია 13-15%-ით ეკონომიკური ზრდა,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს სწრაფად განვითარებადმა ეკონომიკამ შექმნა ქვეყნის ფენომენი,  რომელიც  ეფუძნება ”კორუფციასთან ბრძოლას და ერთობას პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის”.

4 სექტემბერს გაკეთებულ მწვავე განცხადებებს შორის ნინო ბურჯანაძემ ასევე გააკრიტიკა სამთავრობო პროგრამა და მას ”განზრახულობათა დეკლარაცია” უწოდა.

 

Civil.Ge © 2001-2024