სააკაშვილი გაეროს ”ამორალური რჩევების” გამო აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Sep.'07 / 16:51
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 6 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს არ სჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ კი გაეროს ”ამორალური და უბადრუკი” რეკომენდაციები და სანაცვლოდ ითხოვს მათგან გააზრებულ ქმედებებს, რაც ქვეყანას კონფლიქტის მოგვარებაში წინსვლის მიღწევაში დაეხმარება.

სოფელ განმუხურში პატრიოტთა ბანაკში გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი უკმაყოფილოა გაეროს გენერალური მდივნის ბოლო მოხსენებით აფხაზეთის შესახებ.

ივლისში გამოქვეყნებულ მოხსენებაში გაეროს გენერალური მდივანი ბან გი-მუნი მოუწოდებს თბილისს ახალგაზრდული ბანაკი აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან გაიყვანოს.

”მე მინდა ვუთხრა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ბიუროკრატს. ჩვენ უბადრუკი და ამორალური რჩევები არ გვჭირდება და მეგობრული კონსულტაციები იმის თაობაზე, რომ თურმე ბანაკი უნდა გავწიოთ აფხაზეთის საზღვრების იქით,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ”ბანდიტებმა” აფხაზეთში ასიათასობით ქართველი და სხვა ეროვნების ადამიანი გამოაძევეს თავიანთი სახლებიდან 90-იანი წლების დასაწყისში.  ”მოდით,  ეს ბანდიტები გამოვაგდოთ იქიდან; ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ,” - დასძინა მან.

”ჩვენ ვითხოვთ არა ასეთი ტიპის რჩევებს, არა ასეთი ტიპის მეგობრულ კონსულტაციებს, ჩვენ ვითხოვთ ხმის ამაღლებას, ჩვენ ვითხოვთ ანგარიშს იმაზე, რა გააკეთა გაერომ და სხვა ორგანიზაციამ იმისათვის, რომ აღმოფხვრილიყო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სრულიად უგუნური, არაადამიანური, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულის შედეგები,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

”რა გაკეთდა იმისათვის, რომ შესრულდეს [გაეროს] ყველა რეზოლუცია, რომელიც ეხება დევნილთა დაბრუნებას გალში, პირველ რიგში, როგორც ყველგან წერენ - გალი აქვეა, გალი რა პრობლემაა - ჩვენ უნდა დავბრუნდეთ გაგრაში, ბიჭვინთაში, ოჩამჩირეში, სოხუმში,” - განაცხადა სააკაშვილმა. 

აფხაზეთის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, ჩვეულებისამებრ, მოუწოდებს სოხუმს ხელი შეუწყოს დევნილთა დაბრუნებას ”კერძოდ, გალის რაიონში”, რომელიც ძირითადად ქართველებითაა დასახლებული.

სექტემბერის ბოლოს პრეზიდენტი სააკაშვილი ნიუ-იორკში მიემგზავრება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

თავის გამოსვლაში, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსეთი თავი შეიკავოს აფხაზეთში ქონების შეძენისგან. 

ეს ქონება ეკუთვნით იმ ადამიანებს, რომლებიც გამოაძევეს აფხაზეთიდან და ”მისი დამცველი არის ქართული სახელმწიფო.”

”ნებისმიერი მცდელობა, თუნდაც ერთი მტკაველი მიწა რუსეთიდან ჩამოსულმა რომელიმე ავანტიურისტმა იყიდოს, მე ვაძლევ გარანტიას და სიტყვას, რომ ჩამოვართმევთ და არაფერს არ შევარჩენთ,” - განაცხადა სააკაშვილმა.

თავის გამოსვლაში, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა, სააკაშვილმა ასევე ისაუბრა ერთობის შენარჩუნების საჭიროებაზე, რაზეც ის თავის ბოლო გამოსვლებში ხშირად საუბრობს.

”დღეს ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, რომ საბოლოოდ გავაერთიანოთ და გავაძლიეროთ საქართველო და ამას დიდი მცდელობა და ერთიანობა სჭრიდება,” - განაცხადა მან. ”ასეთი შანსი არ მისცემია არც ერთ თაობას ბოლო ათი საუკუნის განმავლობაში”.

 

Civil.Ge © 2001-2024