ოქრუაშვილის ’კადრები’ ხელისუფლებას ემიჯნებიან
/ 13 Sep.'07 / 12:54
სივილ ჯორჯია

შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული მიხეილ ქარელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის უკანასკნელი მოკავშირე, რომელიც ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობას ამ დრომდე ინარჩუნებდა, 12 სექტემბერს პოსტიდან გადააყენეს.  

ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც 12 სექტემბერს გორის გამგებლისა და სხვა მაღალჩინოსნების დაკავების სპეცოპერაციას პროტესტი მოჰყვა, მათ შორის გუბერნატორის მხრიდანაც. მიხეილ ქარელს, რომელიც გორის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრას ძალით ცდილობდა, პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია. შედეგად, ქარელმა გააკრიტიკა ხელისუფლების ”დემოკრატიულობა” და განაცხადა, რომ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს დღეებში განაცხადებდა. სავარაუდოდ, მას მხედველობაში ჰქონდა თანამდებობის დატოვება, თუმცა ხელისუფლებამ მას დაასწრო და გადააყენა.

”ჩვენი გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია შიდა ქართლის გუბერნატორის მოქმედებამ იქ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ”იმის ნაცვლად, რომ მხარში დადგომოდა ის პოლიციის თანამშრომლებს და შესაბამისად თვითონაც გამოეხატა აღშფოთება კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად ცდილობდა ხელი შეეშალა სამართლიანობის და კანონის აღსრულებისთვის, რაც ბუნებრივია რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა”. 

ნოღაიდელმა განაცხადა, კონსულტაციების საფუძველზე პრეზიდენტმა მიიღო გუბერნატორის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. ქარელის შემცვლელად დეპუტატი ”ნაციონალური მოძრაობიდან” ლადო გეგელაშვილი სახელდება. 

მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქარელის ქმედება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩენილიყო. გაკეთდა ასევე მინიშნებები მიხეილ ქარელის მიმართ, რომ დანაშაულის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.

გავლენიანი დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადებით, ყოფილი გუბერნატორის მიერ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები შეუთავსებელია მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრობასთან.

”ჩვენ დავინახეთ არეულობის მოწყობის წარუმატებელი მცდელობა [გორში] და ამას გარდა, აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ადამიანი [ყოფილი გუბერნატორი] პოლიტიკურ რეაქციას აძლევს იმაზე, თუ მის მეგობარს აქვს ბრალი წაყენებული,”- განაცხადა ბოკერიამ.

12 სექტემბერს გორის გამგებელი ვასილ მახარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ პაპუნაშვილი და სხვა ჩინოვნიკები საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით მითვისების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურისა და შემოსავლების სამსახურის სპეცოპერაციის შედეგად ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება მოხდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოტივით, რამაც პროტესტი გამოიწვია.

პარლამენტის წევრმა უმრავლესობიდან და ოქრუაშვილის ახლო მეგობარმა თეო ტლაშაძემ, რომელსაც ყოფილი გუბერნატორის მსგავსად მუნიციპალიტეტის შენობაში შესვლის უფლება სამართალდამცავებმა არ  მისცეს, ასევე გააკრიტიკა ხელისუფლების ქმედებები და საჯაროდ დახია ”ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ბილეთი. გავრცელებული ინფორმაციით, მას სხვა თანამოაზრეებმაც მიბაძეს.

”პრეზიდენტის დიდი სირცხვილია, რაც დღეს გორში მოხდა... ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი ხელისუფლება არ გვყავდეს,”- განუცხადა თეო ტლაშაძემ ჟურნალისტებს 12 სექტემბერს. 

ამ განცხადებების შემდეგ áƒ—ეო ტლაშაძე, სავარაუდოდ, არც საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩება, მითუმეტეს, რომ დიდი ხანია მედია საუბრობს პარლამენტში ირაკლი ოქრუაშვილის დასაყრდენი ფრაქციის ჩამოყალიბების გეგმებზე, რომელშიც მმართველის პარტიის დეპუტატების ნაწილი და ცალკეული ოპოზიოციონერები აპირებენ გაერთიანებას.

შეიძლება ითქვას, რომ თითქმის დასრულდა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებიდან ოქრუაშვილის ე.წ კადრების წამოსვლის პროცესი. ივლისში თავდაცვის მინისტრის მოადგილეობაზე უარი თქვა ოქრუაშვილის áƒ™áƒ˜áƒ“ევ ერთმა áƒ›áƒáƒ™áƒáƒ•áƒ¨áƒ˜áƒ áƒ”მ ალეკო სუხიტაშვილმაც.

გორის მოვლენები, რომლის დროსაც ხშირად ისმოდა შეძახილები: ”გაუმარჯოს ირაკლი ოქრუაშვილს”, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ქართულ პოლიტიკაში ხმაურიან დაბრუნებას მოასწავებს.

ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკოსთა და საზოგადოების ცნობილი სახეების აქტიური მიმოსვლა ფიქსირდება თბილისში, სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში, რომელსაც მედია მოიხსენიებს, როგორც ოქრუაშვილის პარტიის ოფისს. თუმცა არცერთი ვიზიტორი კომენტარს არ აკეთებს.

მიუხედავად ამისა ნათელი ხდება, რომ სულ უფრო ახლოვდება ყოფილი თავდაცვის მინისტრის ახალი პარტიის პრეზენტაციის დრო, როცა კონკრეტულად გახდება ცნობილი ის გზავნილები, რომელსაც ახალი პოლიტიკური ძალა საზოგადოებას 2008 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების წინ შესთავაზებს.

 

Civil.Ge © 2001-2024