საპარლამენტო უმრავლესობა ორმა წევრმა დატოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Sep.'07 / 12:27

დეპუტატებმა თეო ტლაშაძემ და ქეთევან მახარაშვილმა, რომლებიც ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გუნდში მოიაზრებიან, დღეს ოფიციალურად განაცხადეს საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების თაობაზე.

”მე იმისთვის არ მიბრძოლია, რომ ავტორიტარულ სახელმწიფოში მეცხოვრა. აქედან გამომდინარე მე ვტოვებ უმრავლესობას, რომელიც მხოლოდ უმცირესობის უფლებებს იცავს, ”- განაცხადა თეო ტლაშაძემ ოქრუაშვილის ჯერ კიდევ დაუფუძნებელი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტლაშაძემ ”ნაციონალური მოძრაობის” პარტიული მანდატი 12 სექტემბერს გორის მოვლენების დროს საჯაროდ დახია, როცა ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავებას დაპირისპირება მოჰყვა.

ქეთევან მახარაშვილის განმარტებით, უმრავლესობიდან მისი წასვლა სპონტანური გადაწყვეტილება არ არის და ”ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ჩემთვის მიუღებელია ადამიანის უფლებების ისეთი დარღვევები, რომელიც ბოლო პერიოდში ხდება”.

”ხშირად შემრცხვენია ის ფაქტი, რომ უმრავლესობის წევრი ვარ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და საკმაოდ რთულია იმ გაცვეთილი არგუმენტების გამოყენება თავის დასაცავად, რომელსაც ხშირად ისმენთ უმრავლესობის ლიდერებისგან,”- განაცხადა მახარაშვილმა. 

”მე აღარ მინდა გავიზიარო პასუხისმგებლობა იმ გადაწყვეტილებებზე, რასაც უმრავლესობა იღებს,”-  დასძინა მან.

ყოფილი თანაგუნდელების ეს ნაბიჯი მოულოდნელი არ ყოფილა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებისთვის. მათი განცხადებით, ცალკეული დეპუტატების ფრაქციიდან წასვლა მმართველი პარტიის ერთიანობას საფუძველს ვერ შეურყევს.

 

Civil.Ge © 2001-2024