გორის საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Sep.'07 / 16:18

გორის საკრებულოს თავმჯდომარეს მარლენ ნადირაძეს ადგილობრივმა დეპუტატებმა უნდობლობა გამოუცხადეს და მის თანამდებობაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ზვიად ხმალაძე აირჩიეს, რომელიც დროებით შეითავსებს ასევე გამგებლის ფუნქციებს.

მარლენ ნადირაძის ფიგურა საკრებულოსთვის მას შემდეგ გახდა მიუღებელი, რაც მან ღიად დაუჭირა მხარი თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს.

ნადირაძე ასევე აცხადებდა, რომ საკრებულო მხარს დაუჭერდა გორის გამგებლად ყოფილი გუბერნატორის მიხეილ ქარელის არჩევას. ქარელი თანამდებობიდან 12 სექტემბერს მას შემდეგ გადააყენეს, რაც გორში მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ ხელისუფლება გააკრიტიკა.

12 სექტემბერს გორის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და სხვა ჩინოვნიკები საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს. მათ უმრავლესობას უკვე შეეფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა.

დეპუტატმა თეო ტლაშაძემ, რომელმაც გორის მოვლენების შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა საპარლამენტო უმრავლესობის რიგები, განაცხადა, რომ გორში დაპატიმრებები პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა და ხელისუფლება ცდილობს თავიდან მოიცილოს ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამჭერები.

თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გორის სპეცოპერაცია ”ანტიკორუფციულ” ხასიათს ატარებდა.

Civil.Ge © 2001-2024